Accessibility links

მაია ფანჯიკიძე: სააკაშვილი ძალადობით და საკუთარი ნება-სურვილით განაგებს ქვეყანას


საქართველოს პრეზიდენტმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრს, აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ დავითაშვილს - ამის შესახებ 10 აპრილს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი სააკაშვილი ძალადობით და საკუთარი ნება-სურვილით განაგებს ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონებს. ხელისუფლების შენიშვნას, რატომ არ მიმართავს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, მაია ფანჯიკიძემ უწოდა ფარისევლობა და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მცდელობა. ”ნატურალიზაციის გზით ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ხელისუფლებას ავალდებულებდა კანონი და როდესაც სააკაშვილი კანონს არ ასრულებს, ცოტა უცნაური იქნებოდა მიგვემართა გზისთვის, სადაც გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის დისკრეციაა”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, არის და იქნება, რადგან მოქალაქეობა ხალხმა უკვე მიანიჭა. პრესსპიკერის განმარტებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 21 აპრილს დააფუძნებს პარტიას როგორც საქართველოს მოქალაქე, იგულისხმება სწორედ ის, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პასპორტის ფლობა.
XS
SM
MD
LG