Accessibility links

logo-print
დღევანდელი ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე ორ ძახილის ნიშანს შორის მოქცეულია სიტყვა ”სკანდალი” და სათაური - ”ვის მოჰპარა ”ლაზიკა” საქართველოს მთავრობამ!..” ავტორისგან შეიტყობთ, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ენდრიუ მურდზა და ქართველი ემიგრანტი დავით კარტოზია საქართველოს ხელისუფლებას პროექტ ”ლაზიკის” მითვისებაში ადანაშაულებენ. ამ ორ პირთან ”სკაიპით” ჩაწერილ ინტერვიუში ენდრიუ მურდზა ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ დავით კარტოზიასთან ერთად საქართველოში, შავ ზღვაზე, ხამანწკების ბიზნესი უნდა განევითარებინა. პროექტი, პროდუქციის წარმოების გარდა, დევნილი მოსახლეობის დასაქმებასაც ითვალისწინებდა. ”თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები ამ ახალი წამოწყების მეწილეებიც გახდებოდნენო”, - ჰყვება ენდრიუ მურდზა. პროექტი 7 წლის განმავლობაში მუშავდებოდაო, ამბობს ის - ”დაახლოებით, 11 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თქვენმა მთავრობამ კი ის მოგვპარა. ”ლაზიკა” უნდა გაშენებულიყო ჭაობზე, რომელიც კი არ განადგურდებოდა, არამედ სიკეთეს მოიტანდა - ჭაობიანი ადგილი, თუკი განვითარდება, ბუნების ნატურალური ფილტრია”. დავით კარტოზია კი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების დეტალებზე ჰყვება და ამბობს, ”საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერს ვაზღვევინებთო”.

”რეზონანსი - მთელი კვირა” წერს ექვსწლიანი რუსული ემბარგოს დასრულებაზე - ქართულ ლიმონათ ”ზედაზნის” რუსეთის ბაზარზე შესვლის პრეცედენტზე. კომპანიის წარმომადგენელს გაზეთისთვის ერთადერთ პრობლემად პროდუქციის ტრანსპორტირების სიძვირე დაუსახელებია. ”რეზონანსშივე” – ”აკონტროლებს თუ არა შსს ინტერნეტს?”. ავტორი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის გამო შეტანილ სარჩელზე წერს. ერთ-ერთი რესპონდენტი კი ”რეზონანსს” ეუბნება, რომ ყველაზე უსაფრთხო, პირადი მიმოწერის მხრივ, უცხოურ სერვერებზე მიბმული საიტებია.

ჟურნალ ”ტაბულის” მთავარი თემაა ”ქველმოქმედება - სახელმწიფო კერძოს წინააღმდეგ”. სტატიის ავტორი ზურაბ ჯაფარიძე მკითხველს შეახსენებს, რომ ”ქველმოქმედება, როგორც ადამიანური თანაგრძნობისა თუ სოლიდარობის გამოხატულება, შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი”. ამავე სტატიაში: ”თანაგრძნობა ინდივიდუალური განცდაა. ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფოს ან რომელიმე სამინისტროს ვერ ექნება თანაგრძნობის განცდა”. ”ტაბულის“ დღევანდელ ნომერში გია ნოდიას საავტორო სვეტიც ქვეყნდება - ”მთავრობოცენტრიზმი და ინფანტილური საზოგადოება”. ავტორი რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ბლოგერსაც ეხმაურება. ტექსტი ასე სრულდება: ”თუ არ გვინდა მთავრობა ისე გვექცეოდეს, როგორც ბავშვებს, ამას მხოლოდ ერთი რამე უშველის: უნდა გავიზარდოთ”.

”როგორია ბიზნესგარემო?” – ”24 საათი” წერს, რომ მსოფლიო ბანკის 2012 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში ას ოთხმოცდასამი ქვეყნიდან საქართველო მეთექვსმეტე ადგილზეა. ”24 საათშივე” წაიკითხავთ დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტის შესახებ. დღეს ”24 საათი” წერს ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაფუძნების შესახებაც - ”პარტია დროებითი ”კაპიტნით” ”. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე დღეს სხვა გაზეთებშიც წაიკითხავთ.

”ქართული ოცნების” წევრს, აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ დავითაშვილს, ორმაგ მოქალაქეობაზე უარი უთხრეს!” - ეს ”ვერსიის” სათაურია. სტატიაში წაიკითხავთ, რომ პროფესიით ბიოფიზიკოსს, ამერიკაში მოღვაწე ნუგზარ დავითაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.

”ახალი თაობა” წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი ”ქართუ” დღემდე ურიცხავს 1500 ლარს ძიუდოში მრავალგზის ჩემპიონ ზაზა კედელაშვილს, რომელიც, გაზეთის ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობის“ რჩეული და დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატია.

”დღედღეზე შეიძლება ომი დაიწყოს” – ”ალიას” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. ეს არის ინტერვიუ ”სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერ, ირაკლი ბათიაშვილთან. ომის საფრთხეზე რასაც ამბობს, ირანს შეეხება. ისე კი, ინტერვიუს ძირითადი ნაწილი საქართველოს შიდა პოლიტიკაზეა. ის სკეპტიკურად უყურებს წყნარად ჩავლილი გაზაფხულისა და ტრადიციულად მშვიდი ზაფხულის შემდეგ პოლიტიკურ სასწაულს შემოდგომაზე.

”ასავალ-დასავალში” ”ვარდების რევოლუციის” დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ყოფილ უფროს სანდრო კავსაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. რესპონდენტი ამბობს, ”ზურაბ ჟვანია მოკლეს იმიტომ, რომ უკვე აღარ სჭირდებოდათ და სააკაშვილს საფრთხეს უქმნიდაო” და ის რომ არ მოეკლათ, ჟვანია და პატარკაციშვილი სააკაშვილს ჩამოაგდებდნენო.
XS
SM
MD
LG