Accessibility links

logo-print
უკვე 40 დღეა, რაც მსოფლიო პრესა ყურადღებით ადევნებს თვალს ასტრახანში უპრეცედენტო შიმშილობის აქციას, რომელიც ასტრახანის მერობის კანდიდატმა ოლეგ შეინმა პროტესტის ნიშნად წამოიწყო. დასავლური მედიის გარდა, რუსი პოლიტიკოსის ოლეგ შეინის 40 დღიან შიმშილობის აქციას საქართველოს სახელმწიფო ტელეარხებიც აშუქებენ, თუმცა საქართველოში შეიძლება ცოტა ვინმემ იცოდეს, რომ ოლეგ შეინი ერთ-ერთი პირველი ავტორია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე დაწერილი პროპაგანდისტული წიგნისა, რომელსაც ორიგინალში „ქართველი დამპყრობლების ცხინვალის მისადგომებთან განადგურება“ ეწოდება “. შეინის ამ წიგნს ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა იულია ლატინინამ ‘შოვინისტური“ უწოდა. შოვინიზმი და ულტრანაციონალიზმი მართლაც უცხო არ არის რუს პოლიტიკოს ოლეგ შეინისათვის, რომელმაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი გზა განვლო 16 მარტამდე, როდესაც უვადო შიმშილობა წამოიწყო ასტრახანში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. აი, როგორ აღწერს შეინის მეტამორფოზას ცნობილი რუსი სოციოლოგი ალექსანდრ კაგარლიცკი:

„გარკვეული აზრით, შეინი ტიპიური რუსი პოლიტიკოსია, რამდენადაც ის, ნახევრად სტალინური შეხედულებების მქონე, უკიდურესად მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენელი, თანდათან ძირითად პოლიტიკურ დინებაში შევიდა. რუსეთში ეს ასევე ნიშნავს, რომ იგი შეუერთდა სახელმწიფო სათათბიროსა და ეგრეთ წოდებული მართვადი დემოკრატიის ერთგვარ ყალბ სამყაროს. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ახლა კვლავ შეუძლია ხალხის ფართო მასების მობილიზება მოახდინოს ასტრახანში.“
შიმშილობა დავიწყე იმ მიზეზით, რომ ადამიანებმა დაკარგეს უფლება აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება ...

ასტრახანში ოლეგ შეინმა მართლაც ისეთი ფართო საპროტესტო მოძრაობა წამოიწყო, რომ მთელი რუსეთის ყურადღება მიიპყრო და მალე პატარა საპორტო ქალაქი რუსეთის ოპოზიციის უკანასკნელ ბასტიონად იქცა. ოლეგ შეინი, რომელიც პარტია „სპრავედლივაია როსიას“ სიით იყრიდა კენჭს ქალაქის მერის 4 მარტის არჩევნებზე, დამარცხდა, როგორც თავად მიიჩნევს, არჩევნების მასობრივი გაყალბების გამო. თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოლეგ შეინის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, ხოლო ოპონენტებმა დაუცხრომელ რუს პოლიტიკოსს დააბრალეს მცდელობა შანტაჟის გზით მოიპოვოს ასტრახანის მერის პოსტი, რასაც შეინი სიცრუედ მიიჩნევს.

„სიცრუეა ამის თქმა - მე არასოდეს შიმშილობას არ გამოვაცხადებდი მერის პოსტის გამო. შიმშილობა დავიწყე იმ მიზეზით, რომ ადამიანებმა დაკარგეს უფლება აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება.“

შეინის იმიჯი - ეს არის იმიჯი მებრძოლისა, რომელიც იცავს მშრომელთა ინტერესებს დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის კონფლიქტის დროს ...
ამომრჩეველთა უფლებების დაცვამდე ოლეგ შეინი იცავდა მშრომელთა უფლებებს, როგორც უკიდურესად მემარცხენე კომუნისტი, შემდეგ კი, როგორც „მშრომელთა გაერთიანებული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი. ამ გაერთიანებიდან შეუერთდა ის სწორედ რუსეთის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ რუცკოისა და რუსეთის მეამბოხე უზენაეს საბჭოს, რომელიც პრეზიდენტ ბორის ელცინის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობდა. ამბოხების ჩაფუშვის შემდეგ ოლეგ შეინი ასტრახანში დაბრუნდა და იქ, მშობლიურ ქალაქში, იცავდა აქტიურად მშრომელთა უფლებებს. ფართოდ არის ცნობილი მის მიერ საპროტესტო კარვის ქალაქის მოწყობა ასტრახანში ერთ-ერთი გაკოტრებული ქარხნის დასაცავად, რამაც, საბოლოო ჯამში, მას რუსეთის სათათბიროს ქვედა პალატის წევრობა მოუტანა. თუმცა, ასტრახანელი ანალიტიკოსის ნიკოლა გრიშინის აზრით, ოლეგ შეინის კომუნისტობა ახლოს დგას ლიბერალიზმთან, რის გამოც შეინმა ბევრი მომხრე გაიჩინა რუსეთის ლიბერალურ წრეებში:

„შეინის იმიჯი არ არის მფარველის იმიჯი. ასეთი როლის შესრულებას ხშირად ცდილობენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ძლიერ მფარველებად, ქველმოქმედებად და ისეთ ადამიანებად ასაღებენ თავს, რომლებსაც უყვართ საჩუქრების დარიგება. შეინის იმიჯი - ეს არის იმიჯი მებრძოლისა, რომელიც იცავს მშრომელთა ინტერესებს დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის კონფლიქტის დროს. სწორედ ეს არის მისი პიროვნების საიდუმლო. შეინი ხალხის პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს.“

თუმცა ოლეგ შეინის მემარცხენე ინსტინქტები ძლიერია და ხშირად იჩენს თავს მის ნაწერებში. ზემოთ ჩვენ საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის თაობაზე შეინის შოვინისტური წიგნი ვახსენეთ. მანამდე კი 1998 წელს დაწერილ მონოგრაფიაში შეინმა კომუნისტურ პარტიას არასაკმარისი მემარცხენეობა უსაყვედურა.
XS
SM
MD
LG