Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 მაისი, 2012


გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თუმცა მთელი სტატია აგებულია ერთადერთი რესპონდენტის, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ ივანიშვილს მერაბიშვილთან და სააკაშვილთან ჰქონდა კურკური, აძლევდა მათ ბრძანებებს იმის შესახებ, რომ დაეპატიმრებინათ და შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ. ასევე საუბარია ივანიშვილის დაკვეთილ სხვა ტერორისტულ აქტებზე - ყველაფერი ეს აუცილებლად გამოქვეყნდება“, - უთქვამს გიორგი გუგავას, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერსა და მის წარმომადგენლებს ტელედებატებში იწვევს. ასევე „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ დაშალეს წყლის ჭავლით ივანიშვილის მომხრეები ქუთაისში. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს აქცია პირველ მაისს, ღამის 12 საათზე, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუმართავთ. „წამოვიდა წყლის ჭავლი, სულ სველები ვიყავით. იყო გინება, მანქანების შეჯახება“. სტატიიდან ირკვევა, რომ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით არა პოლიციას, არამედ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს დაუშლია.

გაზეთი „რეზონანსი“ მკითხველს კონტროლის პალატის მორიგი გააქტიურების შესახებ ამცნობს. ირკვევა, რომ კონტროლის პალატაში ახსნა-განმარტებების მისაცემად დაიბარეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების წარმომადგენლები თბილისსა და აჭარაში. ამასთან, როგორც კოალიციის წევრი თეა წულუკიანი განმარტავს, კონტროლის პალატის თვალსაწიერში მოხვედრილი ადამიანებიდან არც ერთი პარტიის წევრი არ არის. მათ, უბრალოდ, თავიანთი ქონება კერძო კომპანიას მიაქირავეს. კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ მესაკუთრეების შემდეგ კონტროლის პალატაში იმ კომპანიის წარმომადგენლებსაც დაიბარებენ, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ოფისებს ქირაობს.

„სტრატეგია ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „24 საათის“ მეწინავე სტატიას, რომლშიც საუბარია პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის განხილვაზე. სტრატეგია რვა თავისგან შედგება და ხალხებს შორის ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. „24 საათი“ სტრატეგიისადმი რუსეთის შესაძლო დამოკიდებულების შესახებ პოლიტილოგ გია ნოდიას ესაუბრა: "არა მგონია, რუსეთის მხრიდან ინტენსიური რეაქცია მოჰყვეს, მაგრამ იტყვიან, რომ საქართველოში იტყუებიან, ინიღბებიან და სინამდვილეში ცუდი რაღაცები უნდათ. თუ ვინმე დარწმუნებულია, რომ ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის წახალი-სება გვინდა და ცეცხლზე ნავთს ვასხამთ, მას ამ რწმენას ვერანაირი სტრატეგია ვერ გაუქარწყლებს. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მწყობრად ჩამოყალიბებული ალტერნატიული ხედვა უნდა მიეცეთ", ამბობს გია ნოდია გაზეთ „24 საათთან“ საუბარში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG