Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო დამასკში მოწყობილი აფეთქებები


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სულ ცოტა, 55 ადამიანი დაიღუპა და 370-ზე მეტი დაიჭრა დამასკში ხუთშაბათს დილით მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მკაცრად დაგმო მომხდარი და მოუწოდა ყველა მხარეს თავი ანებონ ძალადობას. ერთ-ერთი აფეთქების ადგილი მოინახულა სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რობერტ მუდმა, რის შემდეგაც მისიის იემენელმა წევრმა, მუჰამედმა განაცხადა: „სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა დაგმო აფეთქება და ფიქრობს, რომ ეს ვითარება ხელს არ უწყობს მშვიდობის დამყარებას. ვისი მოწყობილიც უნდა იყოს, ის სხვა მიმართულებას უნდა დაადგეს“, განაცხადა სირიაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის იემენელმა წევრმა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ "ტერორისტულ თავდასხმებად" მოიხსენია დამასკში მოწყობილი აფეთქებები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო მიმართული სირიის სამხედრო დაზვერვის შენობის წინააღმდეგ,. ოპოზიციური „სირიის ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელმა კი პასუხისმგებლობა დააკისრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, რომელიც, ოპოზიციონერის თქმით, აფეთქებებს აწყობს გაეროს მეთვალყურეების დასაშინებლად და საერთაშორისო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ დამასკი „ტერორისტებს“ ებრძვის. ამასობაში, განცხადება გაავრცელა სირიის საკითხში გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა კოფი ანანმა. ის გმობს აფეთქებებს და ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან გასულ თვეში შეთანხმებული ზავი.
XS
SM
MD
LG