Accessibility links

logo-print

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": კახა ბარათაშვილის ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კონტროლის პალატის მიერ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილის სამართალდამრღვევად ცნობას ეხმაურება და მაკონტროლებელ ორგანოს პოლიტიკური პარტიების მიმართ თანმიმდევრული ქმედებებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მართალია, ბარათაშვილის მიერ ცხვრისა და ღვინის მოსახლეობისთვის გადაცემა კონტროლის პალატამ თავისი მოკვლევით დაადასტურა, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც - საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვა. "კახა ბარათაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც თავისთავად აქვს საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს. ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირია იმის ფონზეც, რომ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში მოსახლეობის სურვილების ასრულების მხოლოდ დაპირების გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა დაბრალდათ. ამ შემთხვევაში კონტროლის პალატამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და საქმეში პროკურატურა ჩართო. რუსთავში მომხდარ ფაქტში კი, კონტროლის პალატა რატომღაც ვერ ხედავს ამომრჩევლის მოსყიდვას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში" აღნიშნავენ, სახელისუფლებო ორგანოების ასეთი არათანმიმდევრული და არაობიექტური ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესებს და ხელს უშლის კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია მიმართავს კონტროლის პალატას, აღნიშნული საქმე რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნოს და მომავალში პოლიტიკური პარტიების ქმედებების მიმართ მეტი თანმიმდევრობა და ობიექტურობა გამოიჩინოს; ასევე, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და შესაბამისი ზომები მიიღოს.
XS
SM
MD
LG