Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 23 ივნისი, 2012 წ.


ჰილარი კლინტონის მოსალოდნელი ვიზიტი რუსეთში და მოსკოვის ვნებები

სამხრეთ კავკასიის ტურნეს შემდეგ, მომავალ კვირაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფინეთისა და ლატვიის გავლით რუსეთს ესტუმრება, სადაც ჰილარი კლინტონი მინისტრ ლავროვსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება. მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „უოლ სტრიტ ჯორნალში“ საგანგებო სტატია მიუძღვნა მოსკოვ-ვაშინგტონის სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელობას და მოუწოდა კონგრესს გააუქმოს ჯეკსონ-ვენიკის შეთანხმება.

წლის ბოლოს რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება, ამ მოვლენას კარგ ამბავს უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ეს ნაბიჯი გაუადვილებს წვდომას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო სწრაფად მზარდ ბაზარზე.

როგორც ჰილარი კლინტონის სტატიაშია ხაზგასმული, ამჟამად ამერიკის ექსპორტი რუსეთში მთლიანი საექსპორტო მოცულობის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ჰილარი კლინტონი დარწმუნებულია, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით არა მხოლოდ აშშ-ის ექსპორტის მოცულობა გაიზრდება, არამედ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები ხელს შეუწყობს საშუალო ფენის გაძლიერებას საკუთრივ რუსეთში და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. „როდესაც რუსეთი გაწევრიანდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მას პირველად მოუწევს დააწესოს პროგნოზირებადი სატარიფო მოცულობა, უზრუნველყოს ტენდერების გამოცხადებისა და კანონების მიღების გამჭვირვალობა და შეიმუშაოს დავების მოგვარების კანონიერი მექანიზმები“, - წერს ჰილარი კლინტონი და დასძენს, რომ რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის ჩამოყალიბება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ინსტრუმენტები, რათა მოსკოვმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

ჰილარი კლინტონი მოუწოდებს აშშ-ის კონგრესს გააუქმოს 1970 წელს მიღებული ჯეკსონ-ვენიკის შესწორება რუსეთის მიმართ, რაც მომავალში შეაფერხებს რუსეთ-აშშ-ს შორის ვაჭრობის ნორმალიზებას.

ამასთან „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჰილარი კლინტონი კვლავ უსვამს ხაზს იმ ფუნდამენტურ პოლიტიკურ უთანხმოებებს, რაც, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში პოზიციების თანხვედრის მიუხედავად, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უცვლელია. „ჩვენ ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს საქართველოში შექმნილი ვითარების ირგვლივ, სირიის საკითხში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ზეწოლა ბაშარ ალ ასადზე, რათა შეწყვიტოს ძალადობა და ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ხელისუფლების გადაცემის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ჰილარი კლინტონის სტატიაში, რომელიც „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა.

გასულ კვირაში სირიის საკითხში რუსეთისა და დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატიური დაპირისპირება კინაღამ მცირე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა. როგორც „გარდიანი“ წერს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შოტლანდიის სანაპიროზე გამოჩნდა კიურასაოს დროშის ქვეშ მცურავი გემი „ალაედი“ [Alaed], რომელსაც რუსეთის საპორტო ქალაქ მურმანსკიდან სირიაში მიჰქონდა ბაშარ ალ ასადის რეჟიმისათვის განკუთვნილი მი-25 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები.

ბრიტანული მედიის თანახმად, ლონდონი განიხილავდა ხომალდის შეპყრობის ოპერაციასაც, თუმცა მოგვიანებით მოიძებნა გემის შეჩერების ისეთი გზა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა რუსეთთან სიტუაციის მოსალოდნელი გამწვავების თავიდან აცილებას. ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ The Standard Club-მა გემ „ალაედს“ გაუუქმა დაზღვევა, რომლის გარეშეც იგი პრაქტიკულად ვერც ერთ პორტში ვერ შევა. რუსეთის ხელისუფლებამ კვირის ბოლოს დაადასტურა ინფორმაცია საბრძოლო შვეულმფრენებით დატვირთული ხომალდის უკან გაბრუნების შესახებ.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს ბაშარ ასადისათვის იარაღისა და ტექნიკის მიწოდებას ძველი კონტრაქტების საფუძველზე, რაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შეფასებით, „არ არღვევს არც საერთაშორისო ნორმებს და არც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.“

რუსეთის ამბიციურ სამხედრო გეგმებზე გასულ კვირაში სტატია „ევრაზიანეტმაც“ გამოაქვეყნა. ოღონდ ამჯერად საქმე ეხება სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დამატებითი ცოცხალი ძალით გაძლიერებას.

გამოცემის თანახმად, სომხეთში - გიუმრიში - დისლოცირებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის გაორმაგების გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც ივნისის დასაწყისში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. უფრო ადრე დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, „თუკი აზერბაიჯანი მტრულად იმოქმედებს სომხეთის წინააღმდეგ, ორგანიზაციის ყველა წევრი შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს სომხეთსო.“

აქვე „ევრაზიანეტს“ მოჰყავს აზერბაიჯანის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ფარაი გულიევის სიტყვები, რომლებიც სურვილს უფრო წააგავს: „დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - და, მათ შორის, რუსეთი - არ უნდა დაეხმაროს ოკუპანტ სომხეთს, თუკი აზერბაიჯანი საკუთარი მიწების გათავისუფლებას გადაწყვეტსო“, - უთქვამს აზერბაიჯანელ დეპუტატს. მაგრამ, როგორც საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რუსეთს, თუკი სურს, აუცილებლად ჩაებმება ომში, რასაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვესო,“ - წერს „ევრაზიანეტი“.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ პუბლიკაციებს, გასული კვირა ამ მხრივ არაფრით იყო გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით ფრანგულ „ლე ფიგაროში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ამბიციებსა და საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს შეეხება. პუბლიკაციის ავტორის შეფასებით, რამდენიმე თვეში „56 წლის მილიარდერმა შეძლო ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია თავისი შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობებით და თავი გაითავისუფლა პროფესიული ეთიკის წესებისგან“. ფრანგი ჟურნალისტის სტატიის ქართული თარგმანის გაცნობა შეგიძლიათ საიტზე foreignpress.ge.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG