Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 ივნისი, 2012 წ.


მიმოხილვას ”ტაბულით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ორ სტატიას აქვეყნებს ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. ერთში ტაძრის რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების არგუმენტებია მოყვანილი, უფრო მეტი -მომხრეებისა, მეორე კი ბექა მინდიაშვილის მოსაზრება გახლავთ. ის წერს: ”საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბაგრატი მაინც აღდგება - ლიფტით ან ულიფტოდ. ის, რა თქმა უნდა, დაიწყებს ახალ სიცოცხლეს, მაგრამ უკვე მკვდრადშობილი ძეგლების სიაში ჩადგომა უწერიაო”. თუმცა ავტორი ამის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად საპატრიარქოს აკისრებს. ის წერს, ეკლესია ბაგრატის ტაძარში თანამედროვეობის წარმოჩენას ეწინააღმდეგება, თორემ საპატრიარქოსთვის ბაგრატი, როგორც ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, არაფერს ნიშნავსო”.

ქართული გაზეთების უდიდეს ნაწილს კი დღეს აინტერესებს, გამოვლენ თუ არა რესპუბლიკელები ”ქართული ოცნებიდან” და რა სახის დაპირისპირებაა მათსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ”კვირის ქრონიკა” წერს, მათ შორის შავმა კატამ ოზურგეთის აქციის დაწყებამდე გაირბინა, რადგან დავით ბერძენიშვილს ლანჩხუთის მაჟორიტარობა უნდოდა, ბიძინა ივანიშვილმა კი უარი უთხრაო. სტატიაში კიდევ ბევრი რამე წერია, მაგრამ მოკლე შინაარსი ესაა.

ამ ხმებს ”ახალ თაობასთნ” საუბარში უარყოფს ზვიად ძიძიგური, რომელიც ამბობს, "სისულელეა, არ მოსწყინდათ ამ თემებზე საუბარი! არავითარი დაპირისპირება. პირველ ეტაპზე იყო შტაბების დონეზე რაღაც დაპირისპირება, მაგრამ ახლა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი პარტიული დაპირისპირებები კოალიციის შიგნით არ არისო".

ნაციონალების წინასაარჩევნო ქმედებებზე კი დღეს ”რეზონანსი” წერს სტატიაში, სათაურით „წინასაარჩევნო "ნაციონალური" ტრენინგი 80 ათასი სტუდენტისათვის“. გაზეთის ცნობით, ანაკლიაში სტუდენტებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს მმართველი პარტიის პიარკამპანია, რაშიც მონაწილეობა დაახლოებით 80 ათასმა სტუდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობები და სტუდენტების ნაწილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფსო. ”რეზონანსი” ერთ-ერთ სტუდენტსაც გაესაუბრა, რომელიც ასეთ შეხვედრაზე ყოფილა. მან ასეთი რამ თქვა: "თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები გაგვიშვეს. ყველაფერი ნაცნობობით მოხდა. თბილისიდან 12 ივნისს წავედით. 13-ში კი, ზუსტად 4 საათზე, პრეზიდენტთან შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე საათ-ნახევრის განმავლობაში ძირითადად ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი საკითხი შემოდგომაზე საქართველოზე რუსეთის თავდასხმის თემა იყო, მზად ვიყავით თუ არა ამ თავდასხმისთვის, ხოლო მეორე - საქართველოს განათლების სისტემაში მომხდარი ცვლილებები. პრეზიდენტის გარდა, ჩვენთან შეხვედრაზე არავინ ყოფილა. არავინ გაუჩხრეკიათ, მაგრამ მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ფოტოაპარატის და მობილურის შეტანა არ შეიძლებოდა. მხოლოდ იმით გამოგვარჩიეს, რომ საკონფერენციოდ და კლასიკურად ჩაცმული სტუდენტები წინა რიგებში დასხეს. შეხვედრის შემდეგ კი დათო ევგენიძის კონცერტი იყოო".
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG