Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 2 ივლისი


დღევანდელ პრესაში განხილვის მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დასახელებაა. გაზეთების ავტორები და რესპონდენტები პრეზიდენტ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების სხვადასხვა ვერსიას აწვდიან მკითხველს.

“რეზონანსის” სტატიაში – “პრემიერ-“ხერხემალ”-მინისტრი” წაიკითხავთ: “მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით უუფლებო თანამდებობაა და მას მხოლოდ ეკონომიკური გუნდი ემორჩილება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ძლიერდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და სუსტდება პრეზიდენტის”. “რეზონანსის” ავტორი აგრეთვე წერს: “ქვეყანაში ოფიციალურად მესამე პირად ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი არ გავითვალისწინებთ თავად ამ პირის პოლიტიკურ მდგომარეობას”.
“ახალი თაობის” ავტორი კი წერს: “ეს ყველაფერი საეჭვოდ ჰგავს ირაკლი ოქრუაშვილის ისტორიას. გახსოვთ, ალბათ, ის კაცი. ოქრო თავდაცვის მინისტრის პოსტზე უდიდესი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ეკონომიკის მინისტრად გადაიყვანეს. ამ პოსტზე მან რამდენიმე დღე იმუშავა”.
“ახალ თაობას” პაატა ზაქარეიშვილი ეუბნება: “როცა კონსტიტუცია დაიწერა, იქიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ის დაიწერა მერაბიშვილისთვის და არა სააკაშვილისთვის. მგონი, მარტო მე ვარ საქართველოში, ვინც ამას ვამბობ”.
“კვირის პალიტრაში” სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: “სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა”, - ამბობს ცისკარიშვილი და ამავე ინტერვიუში შენიშნავს: “თუმცა საინტერესოა, ვისი წარდგენილი იქნება მაგ თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი - ივანიშვილისა თუ სააკაშვილის”.
“კვირის პალიტრაშივე”, ხათუნა ოჩიაური: “წარმატება, რომელსაც მან თავის უწყებაში მიაღწია, ახლა ყველა ქართველი ოჯახის კეთილდღეობაში უნდა გადაიზარდოს”.

კიდევ ერთ დეპუტატს, გურამ ჩახვაძეს “24 საათისთვის” უთქვამს: “ვანო მერაბიშვილი პარტიისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ ახლო პერსპექტივაში სააკაშვილის გაპრემიერება მოსალოდნელი არ არის”.

“ვერსიის” პირველი გვერდი მთლიანად ვანო მერაბიშვილის პორტრეტს უკავია - წარწერა მსხვილი შრიფტით: “ვანოს ახდენილი ოცნება”. “ვერსიას” არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ეუბნება, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის გაპრემიერების გადაწყვეტილება იმ ჭორების გასაქარწყლებლადაც მიიღო, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი “ერთ თამაშს თამაშობდნენ”.

“ასავალ-დასავლის” სტატია - “ვანო, გახსოვდეს ჟვანია!”. ავტორი მერაბიშვილს მიმართავს: “დიახ, გახსოვდეს, რომ სააკაშვილს გაზის ონკანისათვის ხელი ჯერაც არ გაუშვია და თუ მას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებით, შემდეგ თავად თქვენ - რეალური ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი - გახდებით მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, ისეთივე ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორიც ზურაბ ჟვანია იყო”.

“ასავალ-დასავალშივე” ედუარდ შევარდნაძესთან მორიგი ინტერვიუ ქვეყნდება: “შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი პრეზიდენტი არ იქნებოდა. ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს!”.

“კვირის ქრონიკას” გიორგი თარგამაძე უზიარებს თავის მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებზე: “კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებებს, თითქოს მერაბიშვილი გაარიდეს, დაასუსტეს და ასე შემდეგ”.

ამავე გაზეთში ნინო ბურჯანაძესთან ვრცელი ინტერვიუც ქვეყნდება: “ფაქტობრივად, ხელისუფლება ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არჩევნებს არ დათმობენ”.

ჟურნალ “ტაბულის” გარეკანზე დღეს გამოტანილია სტატიის სათაური - “ცისარტყელას შვილები”. სტატია ერთსქესიანთა ქორწინებასა და ასეთ ოჯახებში ბავშვების აღზრდის სხვადასხვა ასპექტს ეხება: “ერთსქესიანი ქორწინება სოციალური ექსპერიმენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ცუდია, ან აუცილებლად კარგი. უბრალოდ, ჩვენ ჯერ ამის პირდაპირი თუ გაუთვალისწინებელი შედეგები არ ვიცით - მათ გაგებას გარკვეული დრო დასჭირდება”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG