Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა აღადგინა დათხოვნილი პარლამენტი


გავრცელებული ცნობებით, ეგვიპტის პრეზიდენტმა, მუჰამედ მურსიმ ბრძანება გასცა პარლამენტის აღდგენაზე, რომელშიც უმრავლესობას ისლამისტები შეადგენენ. ერთი თვის წინ პარლამენტი სამხედროებმა დაითხოვეს. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მენა“ ავრცელებს მურსის სიტყვებს, რომ პარლამენტმა მუშაობა ხელახალი არჩევნების გამართვამდე უნდა გააგრძელოს. მურსი წევრია ისლამისტური მუსულმანთა საძმოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. მურსის ბრძანებით, ხელახალი არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს. გავრცელებული ვარაუდით, კონსტიტუციას მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაამტკიცებენ. საკანონმდებლო ორგანო გასულ თვეში აშალეს სამხედრო გენერლებმა, რომლებიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ ქვეყნის მმართველები იყვნენ. მათ ეს ნაბიჯი გადადგეს უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მურსის მიერ დღეს გაცემული ბრძანება, როგორც სჩანს, წინააღმდეგობაში მოდის სამხედროების მიერ 16 ივნისს გამოცხადებულ „საკონსტიტუციო დეკლარაციასთან“, რომელმაც სამხედროებს საკანონმდებლო უფლებამოსილებები მიანიჭა და მურსის მისი საპრეზიდენტო ძალაუფლების დიდი ნაწილი ჩამოართვა. სამხედროებმა მურსის ხელისუფლება ოფიციალურად 30 ივნისს გადააბარეს.
XS
SM
MD
LG