Accessibility links

logo-print

თბილისში იმყოფებიან ”ქართუ ჯგუფის” აქციონერთა უცხოელი ადვოკატები


”ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს აუქციონზე ”ქართუ ჯგუფის” აქციათა გაყიდვა, რადგან ეს სხვისი ქონებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მოქმედება შეფასდება უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციად და ინვესტორი კომპანიები საკუთარ ინტერესებს და უფლებებს დაიცავენ საერთაშორისო სამართლებრივი გზით - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ”ქართუ ჯგუფის” აქციონერთა უცხოელმა ადვოკატებმა, რომლებიც თბილისში იმყოფებიან აქციონერი კომპანიების დირექტორების დავალებით. აქციონერები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელიუფლების განზრახვით, აუქციონზე გაყიდოს ”ქართუ ჯგუფის” აქციათა 100%, რის მიზეზადაც დასახელებულია ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება. ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი 14 უცხოური და 2 ქართული კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ”ქართუ ჯგუფის” აქციონერი და აქციონერებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამასთან, ”ქართუ ჯგუფის” მფლობელებმა სასამართლოს უკვე მიმართეს საქართველოში და ყადაღის გაუქმება მოითხოვეს. რაც შეეხება იძულებით აუქციონს, ის 10 ივლისს, 18 საათზე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG