Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 19 ივლისი

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ”რეზონანსი” უბრუნდება პარლამენტის ქუთაისში გადასვლის თემას, რაზეც ეს გაზეთი არაერთხელ წერდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ”რეზონანსი” ჰყვება - ”პარლამენტში სამი დღეა ერთადერთი საზრუნავი ნივთების ჩალაგება და იმის ფიქრია, თუ "რა ეშველებათ". ამით არიან დაკავებული აპარატის თანამშრომლებიცა და დეპუტატებიც. პარლამენტის აპარატის უფროსი კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ეს „აურზაური”. რაც შეეხება ამ აურზაურს, გაზეთი ამას ასე ხსნის: ”პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს უთხრეს, ნივთები ჩაელაგებინათ, რადგან თვის ბოლოდან შვებულებაში წავიდოდნენ. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი ვის რა ელოდება, არავინ იცის - სწორედ ამან შექმნა ის პანიკა, რაც დღეს პარლამენტშია ატეხილი". გაზეთი იმასაც განიხილავს, გაყიდულია თუ არა უკვე პარლამენტის შენობა თბილისში. ”რეზონანსი” წერს, ოფიციალური წყაროები ერთხმად უარყოფენ, რომ შენობა უკვე გაყიდულია, მაგრამ ეჭვი რჩებაო. პარლამენტის შენობის შესაძლო მყიდველს კი დღევანდელი ”ალია” ასახელებს. ”სავარაუდოდ, პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ იყიდა. ამჟამად გადახდილია 25 მილიონი, ანუ ნახევარი, ხოლო მეორე ნაწილის გადახდა არჩევნებამდე მოხდებაო”, - უთხრა გაზეთს მოძრაობა "საქართველოს გზის" ლიდერმა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ბალიაშვილმა. მანვე დასძინა, ”ქებურიას დავალება მიუღია - მაქსიმუმ ერთ თვეში პარლამენტის წინ ბენერები გამოკიდოს, რა გაკეთდება ამ ადგილას, და სარემონტო სამუშაოებიც არჩევნებამდე დაიწყოსო.”

”ახალ თაობაში“ დღეს წაიკითხავთ გართულებულ ურთიერთობაზე ”ქართული ოცნების” ახმეტის შტაბსა და ჟურნალისტებს შორის. ”ზვიადაურმა ახმეტელ მეოცნებეებს „ინფო-9“-ისა და „მეცხრე არხის“ გარდა ყველა ჟურნალისტთან ურთიერთობა აუკრძალაო”, - წერს გაზეთი და დასძენს: ”ვერაფერს იტყვი, მაგარი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ასე უკრძალავენ თავიანთ ხალხს არასახელისუფლებო მედიასთან ურთიერთობას”. სტატიას სრულად ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.

”რეზონანსს” რომ დავუბრუნდეთ, გაზეთი წერს, „ ‘ქართული ოცნების’ აქციების შემდეგ დაშინებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. ეს შემთხვევები კი განსაკუთრებით კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და სამეგრელოშია გახშირებულიო". ”ეს ადამიანები მოქმედებენ პრინციპით - „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“. საკრებულოს ყველა დეპუტატი, მერიის თანამშრომელი, ჩართულია ამ პროცესში და განსაკუთრებით ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. ისინი სწორედ ამ ნიშნით არიან შერჩეული, რომ ზეგავლენა იქონიონ მოსახლეობაზე და ის ელექტორატი ძალით მაინც შეინარჩუნონ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ”, - უთხრა გაზეთს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ.
XS
SM
MD
LG