Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშები და რიცხვები


ოლიმპიური თამაშები რიცხვების გარეშე წარმოუდგენელია. შეჯიბრიც რიცხვთანაა დაკავშირებული, გამარჯვებაც და, ბუნებრივია, მარცხიც, თანხაც, რაც იხარჯება, თუ იგებს ვინმე, და ადამიანების რაოდენობაც, ვინც მივიდა, უყურებს და მონაწილეობს თამაშებში.

რიცხვი „ორი“ გამოხატავს რაოდენობას საუდის არაბეთიდან ლონდონში მივლინებული სპორტსმენი ქალებისა, რომლებსაც ისლამურმა სამეფომ, პირველად ისტორიაში, ნება დართო იასპარეზონ. შახრანი ძიუდოისტია, ატარი - 800 მეტრზე მორბენალი.

„სამიც“ ნაწილობრივ მაინც უკავშირდება მაჰმადიანობას. სამი სახელმწიფო - საუდის არაბეთი, კატარი და ბრუნეი - თავის გუნდებში პირველად რთავენ ათლეტ ქალებს. ასევე სამჯერ მოუწია ლონდონს ემასპინძლა ოლიმპიური თამაშებისთვის. წლევანდლამდე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების განახლების შემდეგ, 1896 წლიდან, ეს მოხდა 1908-სა და 1848 წლებში. შემდეგი რიცხვი უფრო მედიაცენტრის მასშტაბების საჩვენებლად მოგვყავს: ხუთი დიდი სამგზავრო თვითმფრინავი დაეტევა იმ სივრცეში, რომელიც უმასპინძლებს დღისა და ღამის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების გასაშუქებლად ლონდონში ჩასულ 20 ათას რეპორტიორს, ფოტოგრაფს და, საერთოდ, ჟურნალისტს.

17 კილომეტრის სიგრძისაა ფოლადის მავთულების სიგრძე, რომელიც შეადგენს ლონდონის ველოტრეკის სახურავს. ველოტრეკის კონსტრუქტორების ჩანაფიქრით, ის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში უსწრაფესი.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 26 სახეობაში - აფროსნობიდან ჭიდაობამდე - იმართება ასპარეზობა.

ყველაზე ხანდაზმული სპორტსმენი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე გამოვა, 71 წლის იაპონელი ცხენოსანი ჰიროში ჰოკეცუა. მისი ფაშატი უისპერი 15 წლისაა. მანამდე ამ მხრივ რეკორდი შვედ ოსკარ შვანს ეკუთვნოდა. 72 წლის ტყვიით მსროლელი ანტვერპენის ოლიმპიადაზე გამოვიდა 1920 წელს.
იქ, სადაც ოლიმპიური პარკი გაშენდა, სულ მცირე 2000 სალამანდრა ბინადრობდა. სწორედ ამ რაოდენობის კუდიანი ამფიბია გადაიყვანეს მახლობლად მდებარე საგანგებო ნაკრძალში. ოლიმპიური თამაშებისა და მისი შემდგომი ინვალიდთა თამაშებისთვის სულ დამზადდა 4700 მედალი. მედლის მთავარი მხარე წარმოადგენს გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს გამოსახულებას, მეორე გვერდს კი ლონდონის ოლიმპიადის ლოგო ამშვენებს. მედლები 400 გრამს იწონის. პირველი ადგილისთვის გაცემული მედალი შეიცავს ერთ პროცენტზე ოდნავ მეტ ოქროს. ოლიმპიურ სოფელში სულ დაიდგმება ათი ათასი დროებითი ტუალეტი. ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობს 17 ათასი სპორტსმენი. ისინი წარმოადგენენ 204 სახელმწიფოსა და ტერიტორიას. მათ რაოდენობას აღემატება უშიშროების უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ სამხედროთა რაოდენობა. 18 ათასი გუშაგი დაიცავს წესრიგს სტადიონებზე, დარბაზში და ოლიმპიურ სოფელში. ეს რაოდენობა აღემატება ბრიტანეთის ჯარს, რომელიც მას ავღანეთში ჰყავს მივლინებული. ჯარის გამოყენება გახდა საჭირო იმის გამო, რომ კერძო ფირმამ ვერ გაართვა თავი ამოცანას და ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის სამხედროთა გამოყოფა. მდინარე ტემზაზე ოლიმპიადის განმავლობაში განთავსდება ავიამზიდი, მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა კი საჰაერო სივრცის დაზვერვით იქნება დაკავებული. ოლიმპიადაზე წესრიგს დაიცავს ასევე 55 რაზმი, რომელსაც ძაღლები ჰყავთ. ოლიმპიური სტადიონი 80 ათას მაყურებელს დაიტევს. თამაშების განმავლობაში ოლიმპიურ სოფელში დარიგდება 150 ათასი პრეზერვატივი. შედარებისთვის: პეკინის ოლიმპიადის დროს მათი რაოდენობა 100 ათასი იყო. ბილეთებს რაც შეეხება, 30-დან სამი ათას დოლარამდე ღირებულების ცხრა მილიონი ბილეთი დაიბეჭდა. მაყურებელთა რაოდენობა ნახევარი მილიონია. ნავარაუდევია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და შემდგომი, ინვალიდთა თამაშების დროს 13 მილიონი ულუფა საკვები შეიჭმება მაყურებლების, სპორტსმენების, მომსახურე პერსონალისა და მოხალისეების მიერ. ისიც დათვლილია, რომ ეს მასა 260 ათას ცალ პურს შეჭამს. დიდია რიცხვი მაყურებლებისა, რომლებიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნას მიადევნებენ თვალს ტელეეკრანებზე - ის ოთხ მილიარდს უდრის. 13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ოლიმპიადისთვის მზადების ხარჯი. ისიც დათვალეს, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების დროს თითოეული საათი ათი მილიონი დოლარი ჯდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG