Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი “საქართველოს სიმშვიდისთვის” სამხედრო სწავლების მასშტაბს ამცირებს


რუსეთის არმიის ფართომასშატბიანი სამხედრო სწავლება “კავკასია 2012”-ს ჩეჩნეთის ტერიტორია გამოეთიშა. ამის შესახებ რუსულ “იზვესტიაზე” დაყრდნობით ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17-23 სექტემბრამდე პერიოდში დაგეგმილი სამხედრო წვრთნებისთვის შერჩეული სტრატეგიული საწვრთნელი პოლიგონების სიიდან ჩეჩნეთში განლაგებული სასწავლო კომპლექსები ამოიღო. მანამდე კი მოსკოვმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების პოლიგონების გამოყენებაზეც უარი განაცხადა. რუსი მაღალჩინოსანი სამხედროების განმარტებით, გეოგრაფიული შეზღუდვები საქართველოს სიმშვიდისთვის დაწესდა. “გადავწყვიტეთ, კავკასიაში დაძაბულობისთვის ზედმეტი საფუძვლები არ შევქმნათ, ამიტომ საქართველოსთან ახლოს სასწავლო საბრძოლო მოქმედებების წარმართვაზე უარი ვთქვით”, - აცხადებს გამოცემასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. ჩეჩნეთის მოსაზღვრე რესპუბლიკებში კი წვრთნები გეგმის შესაბამისად, აგვისტოს დასაწყისიდან მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ქვეითი ჯარის გარდა მონაწილეობენ შავი ზღვის, ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების დანაყოფები, კასპიის ფლოტილიის გემები და თვითმფრინავები. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება საგანგებოდ დაამთხვია საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG