Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა


კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა და ამ საკითხზე სტამბოლში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრება, - ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მისი განმარტებით, აფხაზური მხარე ეპარქიისთვის ითხოვს გარკვეულ თავისებურებებს და მიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელმაც თავი ვალდებულად ჩათვალა აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდეს. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, აფხაზები ამბობენ, რომ 20 წელია მათთან საქართველოს და შესაბამისად, ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვერ ხორციელდება და აქვთ გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომდე მიიტანეს. პატრიარქის მდივნის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დღეიდან ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებას იწყებს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს აფხაზურ მხარესთან მიმართებით. მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ქართული ეკლესიის დელეგაციის მიერ სტამბოლიდან ჩამოტანილ ინფორმაციაზე სინოდი იმსჯელებს. რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, რომ აფხაზური მხარე საქართველოს ეკლესიიდან ეპარქიის გამოყოფას ითხოვს, მიქაელ ბოტკოველის თქმით, კონკრეტული მოთხოვნა ჯერჯერობით უცნობია. "ერთი რამ ფაქტია, აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის იურიდიული საზღვარია და მისი ნებართვის გარეშე იქ სხვა წარმონაქმნი ვერ შეიქმნება", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
XS
SM
MD
LG