Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას


არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას. ”გავრცელებული ვიდეომასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათივე შეფასებით, არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციარულ, არამედ შსს-ს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მასობრივი ძალადობა 2011 წლის 26 მაისს, 2009 წლის 15 ივნისს და 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში და უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მათი ამსახველი ვიდეომასალა გახადეს საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ უნდა დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სხვა პირთა ბრალეულობის და იუსტიციის და შს-თა მინისტრების და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ”მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და სახალხო დამცველს, მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ ამ საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG