Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს


”საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ: ”საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობის განუხრელად შესრულებას. კერძოდ, მაუწყებელი ახდენს საქართველოს მოქალაქეების სრულ, პირუთვნელ და ობიექტურ ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შესახებ, რისი დასტურიცაა: საინფორმაციო პროგრამა ”მოამბის” გამოშვებები, მაუწყებლის ეთერში ორგანიზებული დებატები და ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები. თოქშოუებთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თოქშოუების ავტორების (მათ შორის ეკა კვესიტაძის) მიერ გადაცემების მომზადების პროცესში გარე სარედაქციო ჩარევა არ ხდება და ბადეში ცვლილებაც არ იგეგმება. შესაბამისად, ნებისმიერ ავტორს სრული შემოქმედებითი თავისუფლება გააჩნია მაყურებელს წარუდგინოს ის პრობლემები, სტუმრები და სიუჟეტები, რომლებიც მათი აზრით, საზოგადოებტივი ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება”, - აღნიშნულია ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” განცხადებაში. 19 სექტემბერს ეკა კვესიტაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეთანხმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი სტუდენტების მოთხოვნას - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოვლენების უფრო ინტენსიური გაშუქების შესახებ: ”გუშინ ინფორმაციული შიმშილი იყო პირველ არხზე. დღესაც, რამდენი დღის განმავლობაში გადავცემთ, სხვადასხვა გადაცემები გადიოდა და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ტელევიზია, მითუმეტეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეს მუშაობის. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს თოქშოუები, ისიც, რაც ბადით არ არის გათვალისწინებული. ეს არის დღეს ჩემი პოზიცია ამ არხთან დაკავშირებით. გარდა ამისა მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბევრად მეტი რესურსი, რომ მეტი საინტერესო გადაცემა გააკეთოს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად, ახლა მაინც უნდა დაიწყოს საგამოძიებო გადაცემის გაკეთება. მედია რომ ასრულებდეს თავის ფუნქციებს, რომ იყოს ”უოჩდოგი”, რომ იყოს საგამოძიებო გადაცემები, შეიძლება, სიტუაცია ამ ზომამდე არ მისულიყო იგივე პენიტენციალურ სისტემაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც, ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მაინც, უნდა დაიწყოს უფრო მეტი ფიქრი იმაზე, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, რა გადაცემები უნდა იყოს იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს მეტად ინფორმირებული და ხელისუფლება იყოს მეტად გაკონტროლებული”.
XS
SM
MD
LG