Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით პასუხობს ხელისუფლება პატიმრების წამების ფაქტებს


გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე
პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას, რამაც საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია, ჯერჯერობით მხოლოდ 2 მინისტრის გადადგომა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 11 თანამშრომლის დაკავება მოჰყვა. რამდენად ადეკვატური და საკმარისია ხელისუფლების მიერ გამომჟღავნებული რეაქცია და მოქმედებები?

დავიწყოთ დიპლომატით, რომლის ყოველ სიტყვასაც, ალბათ, განსაკუთრებული წონა და ფასი უნდა ჰქონდეს. 20 სექტემბერს, როცა ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები პატიმართა წამების ფაქტების გასაპროტესტებლად ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან, შეიკრიბნენ, ემოციური ფონი კიდევ უფრო დაძაბა მათთან შესახვედრად გამოსულმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ. შეძახილს ”ცოცხი, ცოცხი!..” მან უპასუხა:

”ცოცხი გაიკეთე უკან...”

ოდნავ მოგვიანებით ელჩმა განმარტა, რომ მისი ეს რეაქცია გაუგებრობის ბრალი იყო და ამისათვის ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ბევრისთვის ამ დღეებში სიტყვა ”ცოცხის” ასეთ კონტექსტში გამოყენება სისასტიკის მხარდაჭერასთან თუ არა, სულ მცირე, გულგრილობასთან ასოცირდება.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით ცდილობენ სიბრაზისა და აღშფოთების გამოხატვას და ირწმუნებიან, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, საზოგადოების დიდი ნაწილი არასაკმარისად მიიჩნევს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 11 თანამშრომლის დაკავებასა და 2 მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. ამასთან, არც სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს და არც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თავი არ უცნიათ დამნაშავეებად. კალმახელიძემ თქვა, რომ თანამდებობა ”ადამიანური და პოლიტიკური” პასუხისმგებლობის გაზიარების სურვილით დატოვა. დაახლოებით ასეთივეა ახალაიას მიერ დასახელებული მიზეზიც:

”მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით”, - თქვა 20 სექტემბერს ბაჩო ახალაიამ, რომლის გადადგომასაც, ბევრის აზრით, მისი, როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის დამნერგავის, გასამართლებაც უნდა მოჰყვეს. გარდა ამისა, შეშფოთებული საზოგადოება საჭიროდ თვლის კიდევ არაერთი თანამდებობის პირის გასამართლებას.
ჩვენ აუცილებლად ვიტვირთებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ ამ სისტემის გამოსაცვლელად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ...
გიორგი ბარაამიძე

შესაბამისად, საზოგადოების ერთ ნაწილს ფრიად არაადეკვატურად ეჩვენება ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებები. მაგალითად, ეს შეიძლება ითქვას გიორგი ბარამიძეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რომელიც 20 სექტემბერს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, მხარდამჭერებს საკუთარი პოზიციის ამაყად გამოთქმისა და პარტიის გეგმების თამამად აგიტაციისკენ მოუწოდებდა:

”მიხვიდეთ ამაყად, თავაწეული. ვთქვათ ის სიმართლე, რაც არის სიმართლე; ვთქვათ იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რა პასუხისმგებლობასაც ჩვენი გუნდი კისრულობს. ჩვენ აუცილებლად ვიტვირთებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ ამ სისტემის გამოსაცვლელად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.”

ხელისუფლების წარმომადგენლებს არც შექმნილი უმძიმესი ვითარების ფონზე შეუწყვეტიათ გამარჯვებასა და წინსვლაზე ლაპარაკი. პრეზიდენტ სააკაშვილს თუ მოვუსმენთ, ”ჭუჭყიან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ” და მხოლოდ სახელმწიფოს განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი მეტად საზიზღარი და შემაწუხებელია:

”ეს არის ყველაფერი ის, რაც მეზიზღება და ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში კიდევ შესაძლებელია ამის ცალკეული უჯრედები კიდევ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ყველანაირი ადამიანური პრინციპების იქით მიდის და არ შეიძლება არ იყოს აღშფოთების და წარმოუდგენელი გაღიზიანების საგანი საზოგადოების.”

პრეზიდენტმა ამ დღეებში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის ასეთი გაბრაზებული ძალიან იშვიათად ყოფილა. სიბრაზე მიმართულია მათკენ, ვისაც ევალებოდა, მაგრამ არ ან ვერ დაინახა გლდანის მე-8 საპყრობილეში ჩადენილი სისასტიკე. მაგრამ აშკარაა, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად არის გაბრაზებული მათზე, ვინც ეს სისასტიკე ფირზე აღბეჭდა და სააშკარაოზე გამოიტანა. სხვათა შორის, ეს აქცენტი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა თუ მათი მომხრეების რიტორიკაშიც გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების მიერ ნანახ სისასტიკეს დაკვეთით, განზრახ ჩადენილად და გასამრჯელოს სანაცვლოდ გადაღებულად აცხადებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ყოფილმა ”გაიშნიკმა” გააკეთა:
მაშინ, როდესაც პირი ხვდება სახელმწიფოს ზედამხედველობის დაქვემდებარების ქვეშ, სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ პირის უსაფრთხოებაზე. დაკვეთაც რომ ყოფილიყო, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რადგან არ ახორციელებდა ადამიანური რესურსების სწორ მენეჯმენტს ...
დავით ჯანდიერი

”თვეების განმავლობაში იღებდა ხელფასს იმაში, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა (ფულს იღებდა) და ეს ყველაფერი შემდეგ გაეყიდა. მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც მას აფინანსებდა: ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე და ხომ არ შეიძლება ყველაფერი იყოს პოლიტიკური დივიდენდებისთვის ამ ქვეყანაზე?!”

ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, დაკვეთასა და შესრულებაზე მტკიცებითი ფორმით საუბარს გაუმართლებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი დავით ჯანდიერი. ამასთან, მისთვის საეჭვოა, რომ დამკვეთს ასე იოლად დაეყოლიებინა ამდენი შემსრულებელი და ყველაფერი ასე შეუმჩნევლად გაეკეთებინა; მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო ინსტიტუტები წლების მანძილზე ტეხდნენ განგაშს ამგვარი ფაქტების არსებობასთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. მაგრამ დაკვეთაც რომ ყოფილიყო, ჯანდიერის თქმით, სახელმწიფო აგებს პასუხს საერთაშორისო სამართლის მიხედვით:

”მაშინ, როდესაც პირი ხვდება სახელმწიფოს ზედამხედველობის დაქვემდებარების ქვეშ, სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ პირის უსაფრთხოებაზე. დაკვეთაც რომ ყოფილიყო, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რადგან არ ახორციელებდა ადამიანური რესურსების სწორ მენეჯმენტს და მან სისტემა დააკომპლექტა ისეთი ადამიანებით, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას”, - უთხრა დავით ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.

ხოლო რაც შეეხება ხელისუფალთა იმ არგუმენტს, რომ ასეთი სასტიკი ფაქტები უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, უბრალოდ, ეს ხშირად არ მჟღავნდება (სხვათა შორის, მსგავსი აზრი 21 სექტემბერს თავის ქადაგებაში კათალიკოს-პატრიარქმაც გამოთქვა), დავით ჯანდიერი არ იზიარებს. მისი აზრით, სწორედ ასეთი ფაქტებისადმი მიდგომა განასხვავებს ერთმანეთისგან ჭეშმარიტად დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს:

”როდესაც წამებას ახორციელებს ადამიანი, ის ხმამაღლა არ ლაპარაკობს ამის შესახებ. მაგრამ დემოკრატიული ქვეყანა იმით განსხვავდება არადემოკრატიულისგან, რომ არაადამიანური მოპყრობის პატარა სიგნალიც კი იწვევს განგაშს ამ ქვეყნებში და ეს ქვეყნები მასზე რეაგირებენ... ჩვენს შემთხვევაში კი სისტემამ - არა მხოლოდ სასჯელაღსრულების, არამედ პროკურატურისა და სასამართლოს სისტემამ - არ იმუშავა, ვინაიდან მათ სრული იგნორირება მოახდინეს ყველა იმ განცხადების, საჩივრის, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნისა თუ, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი დასკვნის, რომლებიც კონკრეტულად მიუთითებდნენ წამების შემთხვებზე პენიტენციურ სისტემაში.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG