Accessibility links

გოგა ხაინდრავას დაკითხვა დასრულდა


ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა სამ საათს გაგრძელდა. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს. „მეკითხებოდნენ ვიყავი, თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შევხვდი თუ არა ე.წ. კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძეს“, - განაცხადა პოლიციის შენობიდან გამოსულმა კინოდოკუმენტალისტმა. გოგა ხაინდრავას ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, პირველ რიგში ის დაინტერესდა იმით, თუ რა მუხლით მიმდინარეობდა ძიება. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 223 პრიმა მუხლით, სადაც პირველი ნაწილი შეეხება კანონიერ ქურდებს და მეორე ნაწილი ქურდულ სამყაროს შეეხება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება. ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG