Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა კოალიციის მხარდამჭერებს


”ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან აპროტესტებენ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ”კარგად გააცნობიერეთ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში. როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში და შესაბამისად ჩემი თხოვნა იქნება ქუჩის ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” უკვე ხელისუფლებას წარმოადგენს და მას მთლიანად ჩაიბარებს მაქსიმუმ თვის ბოლომდე. დღესვე კოალიციის ლიდერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მომავალი მთავრობის შემადგენლობის საკითხის განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება და ამ ეტაპზე არსებობს პირადად მის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ჯერჯერობით არავისთვის გაუზიარებია. ”მე მაქვს არა გადაწყვეტილება, არამედ პროექტი, რომელსაც აუცილებლად შევუთანხმებ გუნდის წევრებს და ერთად ჩამოვყალიბდებით”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ”ქართული ოცნების” ლიდერმა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ საქართველოში ყოფნის 360-დღიანი ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ეს ვადა 5 ოქტომბერს იწურება. მედიის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესცენტრში შეხვდა საქართველოში აშშ-ის და საფრანეგთის ელჩებს რიჩარდ ნორლანდსა და რენო სალენსს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს.
XS
SM
MD
LG