Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოვიდა


საქართველოში უნდა გაგრძელდეს მართვის დეცენტრალიზაციის პროცესი და დადგა დრო, რომ მოსახლეობამ ქალაქების მერები, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა ქალაქში პირდაპირი წესით აირჩიოს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მერვე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციტივით, რომ პირდაპირი არჩევის წესი გუბერნატორებზეც გავრცელდეს. „მერებს ახლა საკრებულოები ირჩევენ, თბილისის მერს კი თბილისის მოსახელობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. და ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში“, - შესთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილება ოფიციალურად სცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. პარლამენტში გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ბრძანებით კახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორები დანიშნა. კოალიცია „ქართულო ოცნების“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა სააკაშვილის ამ ინიციატივას „არასერიოზულობა“ უწოდა და პრეზიდენტი „სახლობანას“ თამაშში დაადანაშაულა. „პრეზიდენტი მხოლოდ სახლობანას თამაშობს, როცა ბოლო პერიოდში ახალ გამგებლებს ნიშნავს. ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოების ძალიან ბევრი თავმჯდომარე, ასევე ძალიან ბევრი გამგებელი საკუთარი სურვილით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, პოლიტიკური პროცესის შესაბამისად, დატოვებს საკუთარ თანამდებობას. როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ ინტერესი იზრდება", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
XS
SM
MD
LG