Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკების მე-11 რაუნდი


დღეს თბილისში გაიმართა ასოცირების შეთანხმების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკების მე-11 რაუნდი. მას ხელმძღვანელობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე და ევროკავშირის საგარეო მოქმედებათა სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი. მასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის საერთო მიზანია, რომ ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება მომავალი წლის მეორე ნახევარში დასრულდეს, რის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის მეტი პერსპექტივა ექნება. რაც შეეხება სავიზო საკითხებზე მოლაპარაკებას, გორდაძის თქმით, მხარეები ცდილობენ, რომ ეს პროცესი მომავალი წლის ბოლოს დაასრულონ. თავის მხრივ, გუნარ ვიგანდმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის კურსი უცვლელია და ქვეყნის შედეგებსა და პროგრესს ახალ ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად დააკვირდებიან. ხვალ გუნარ ვიგანდი ქუთაისში ჩასვლას და საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრებს გეგმავს.
XS
SM
MD
LG