Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიკ რუბინი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს


ვაშინგტონში, ცენტრში - ”ნაციონალური ინტერესისთვის” (Center for the National Interest) გამართული შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, მის შედეგებსა და აშშ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობას მიეძღვნა. შეხვედრის დასაწყისში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ვრცლად ილაპარაკა ერიკ რუბინმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მან განაცხადა: ”1 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტს ნიშნავს და ძალაუფლების ერთი მმართველი პარტიის მიერ მეორისთვის გადაცემის პროცესი სანიმუშოა ყველა ახალი დემოკრატიისთვის”. ერიკ რუბინმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მიერ ადრე ნათქვამი სიტყვებიც საქართველოში ძალაუფლების გადაცემის შესახებ: ”ჩვენი პოლიტიკა, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ უთქვამთ პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან კლინტონს, მდგომარეობს საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკარტიული გადაცემის მხარდაჭერაში. და, სწორედ ეს ხდება მიმდინარე კვირაში ახალი პარლამენტის კვირას გამართული სხდომით დაწყებული მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებით დამთავრებული”. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აღნიშვნის ღირსად თვლის იმას, რომ ”დაუნდობელი” წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ პოლიტიკური მხარეები კონსტრუქციულად თანამშრომლობენ ძალაუფლების გადაცემის უმტკივნეულო პროცესის უზრუნველსაყოფად. ”პირველი - საქართველოს ხალხი იყო მზად ცვლილებისთვის და მათ მიიღეს ცვლილება. მეორე - მიღებული პარლამენტი, სადაც არავის აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებას” არ გააჩნია კარტ ბლანში კონსტიტუციის თავისი ნების შესაბამისად სწრაფი ცვლილებისთვის ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, როგორც ამას წინა მთავრობა აკეთებდა. ახალი პოლიტიკური განლაგება, ხელისუფლების შტოებს შორის გაზრდილი ბალანსით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის კარგი და ჯანსაღია”. ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან გაგრძელდება და კვლავაც დაეფუძნება ჩარჩოს, რომელსაც საქართველო-აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ქმნის. რუბინი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები არ იყო ”სრულყოფილი”. აშშ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან იმუშვებს იმ სფეროების გამოსასწორებლად, რომლებიც საარჩევნო პროცესის სრულყოფას შეუწყობს ხელს. რუბინი საქართველოს დასავლურ ორიენტაციასაც შეეხო: ”შესაძლოა, ქართველები ვერ თანხმდებიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთ ძირეულ საკითხზე არსებობს შეთანხმება. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანიშვილისა და მისი გუნდის პოზიცია მკაფიოა - მათ სურთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და საბოლოოდ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება”. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ილაპარაკა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც. თავდაპირველად მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ - სამხედრო ძალების 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრის ორივე მხარეს დაშვებისკენ: ”ამავე დროს ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვერ ვხედავთ წინააღმდეგობას საქართველო-აშშ-ს აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებსა და საქართველო-რუსეთს შორის აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებს შორის. გასულ წელს ბევრი ვიმუშავეთ საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დასაახლოებლად იმისათვის, რომ საქართველო დათანხმებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას”, - განაცხადა ერიკ რუბინმა, რომელიც ოპტიმისტურად უყურებს როგორც საქართველოს, ისე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მომავალს.
XS
SM
MD
LG