Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის გაზეთი: ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს


პოლონეთის გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტას“ ცნობით, 2010 წლის აპრილში სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები. საქმე ეხება თვითმფრინავს, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და თვითმფრინავში მასთან ერთად მყოფი 95-ვე ადამიანი. „ჟეჩპოსპოლიტა“ ირწმუნება, რომ პოლონელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ორი კვირის წინ დაბრუნდნენ რუსეთში მდებარე სმოლენსკიდან, ტუ-154 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევებში და 30 სავარძელში აღმოაჩინეს ტროტილისა და ნიტროგლიცერინის ნარჩენები. ერთი ვერსიით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს მეორე ომის პერიოდის ნაღმების ნარჩენებს. „ჟეჩპოსპოლიტას“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში არ არის ნათქვამი, რომ თვითმფრინავში აფეთქება მოხდა. სტატიის გამოქვეყნების ფონია გუშინ გავრცელებული ცნობა, რომ ვარშავაში გარდაცვლილი იპოვეს ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რემიგიუშ მუსი. სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნით, მან თავი ჩამოიხრჩო. რემიგიუშ მუსი იყო ბორტინჟინერი იაკ-40 ტიპის თვითმსფრინავში, რომელიც კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ერთი საათით ადრე დაეშვა სმოლენსკის აეროდრომზე.
XS
SM
MD
LG