Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 8 ნოემბერი

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი პრესის დიდი ნაწილი კვლავინდებურად უჭირავს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ამბების გარჩევას. ”რეზონანსი” დღეს მოწინავე სტატიის სათაურში კითხულობს - არის თუ არა კალანდაძე გმირი, და ამ შეკითხვას ერთგვარ პასუხს ქვესათაურში სცემს: ”მისმა ბრიგადამ ომში დაკარგა ყველა - 26-ვე - ტანკი, ქვეითთა 9 საბრძოლო მანქანა, მთელი არტილერია! პირად შემადგენლობაში კი ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა”. ეს ფრაზა სამხედრო ექსპერტს, ჟურნალ "არსენალის" რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს ეკუთვნის. სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა კი გაზეთს უთხრა: ”მის გმირობა-არაგმირობაზე საუბარი არასერიოზულია. კალანდაძის, როგორც ბრიგადის მეთაურის, შეფასება არ შემიძლია, ომში ამ ბრიგადის ქმედებაზე ჩვენ რეალურად დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები არ გაგვაჩნია. ამ თემაზე ყოველმხრივი მოკვლევა უნდა ჩატარდეს და საბოლოოდ გაირკვეს, რატომ იყო, რომ ჩვენი ჯავშანტექნიკის 70% დაუზიანებელი დავუტოვეთ რუსებსო”.

ბაჩო ახალიაზე კი ”ალიას” კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრა და უთხრა, ის სამშობლოში იმიტომ დაბრუნდა, რომ მისთვის ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხეაო. ” ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ჩრდილოეთკავკასიელებმა ახალაიასა და მის საახლობლოს ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ ადამიანებს, მათ შორის ახალაიას გარემოცვის იმ წევრებს, რომლებსაც საზოგადოება შეიძლება არც კი იცნობდეს, მთელ მსოფლიოში ეძებენ ცალკე ისლამური იატაკქვეშა ორგანიზაციები, ცალკე ამ ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი პიროვნების ოჯახის წევრები და ცალკე კიდევ არის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი", - უთხრა ზაალ კასრელიშვილმა ”ალიას”.

ისე კი ამ დაკავებების პრესისეული შეფასება სათაურებიდანაც ჩანს. მაგალითად, ”24 საათი” დღევანდელ სტატიას ასე ასათაურებს: ”სამი დაკავება ხუთი სამხედროს ჩვენების საფუძველზე”. ”საქართველოს რესპუბლიკა” კი პირველ გვერდზე თავად ახალაიას ფოტოს ბეჭდავს, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: ”ჟურნალი - ფილმამდე“, ბოლოს - ძახილის ნიშნით, ანუ კითხვის ნიშნის გარეშე.

სხვას რაც შეეხება, ”რეზონანსი” ინტერესდება, რატომ არ იაფდება საწვავიო, ”საერთაშორისო ფასების მიხედვით, საქართველოში ბენზინი და დიზელი 2 ლარზე გაცილებით იაფი უნდა ღირდესო. ”რეზონანსი” აღნიშნავს - საბითუმო და სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობამ რეკორდულ 55 თეთრს მიაღწია და ასეთი მაღალი სხვაობა მენავთობეებს წინა ხელისუფლების დროსაც კი არ ჰქონიათო.
XS
SM
MD
LG