Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალის სააპელაციო პალატამ უდანაშაულოდ ცნო ორი ხორვატი გენერალი


ჰააგის ტრიბუნალის სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა უდანაშაულოდ ცნეს ორი ხორვატი გენერალი, რომლებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. გენერალ ანტე გოტოვინას და გენერალ მლადენ მარკაცს 2011 წელს მიესაჯათ 24 და 18 წლით პატიმრობა, ხორვატიაში მდებარე კრაინის რეგიონში 1995 წელს ჩატარებული ოპერაციისათვის. ამ ოპერაციის შედეგად კრაინიდან განდევნეს 200 ათასამდე ეთნიკური სერბი, დაიღუპა სულ ცოტა 150 ადამიანი. 2011 წელს გაეროს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ორივე გენერალი მონაწილეობდა ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანიო ტუჯმანის ხელმძღვანელობით შემუშავებულ გეგმაში კრაინიდან სერბების გასაძევებლად. მაგრამ სააპელაციო სასამართლოს წევრებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ასეთი გეგმა არ არსებობდა. ანტე გოტოვინას და მლადენ მარკაცს ხოვატიაში ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ. ზაგრების ცენტრში დღეს ათასობით ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა სასამართლო სხდომის პირდაპირ ტელერეპორტაჟს.
XS
SM
MD
LG