Accessibility links

logo-print

ჰააგის ტრიბუნალმა გაათავისუფლა ორი ხორვატი გენერალი


ჰააგის ტრიბუნალმა გაათავისუფლა ორი ხორვატი გენერალი, ანტე გოტოვინა და მლადენ მარკაცი მას შემდეგ, რაც ისინი დღეს უდანაშაულოდ ცნეს ტრიბუნალის სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა. 2011 წელს ჰააგის ტრიბუნალმა მათ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ბრალდებები უკავშირდება ხორვატიაში მდებარე კრაინის რეგიონში 1995 წელს ჩატარებულ ოპერაციას. ამ ოპერაციის შედეგად კრაინიდან განდევნეს 200 ათასამდე ეთნიკური სერბი, დაიღუპა სულ ცოტა 150 ადამიანი. 2011 წელს გაეროს ტრიბუნალის მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ორივე ხორვატი გენერალი მონაწილეობდა ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანიო ტუჯმანის ხელმძღვანელობით შემუშავებულ გეგმაში კრაინიდან სერბების გასაძევებლად. მაგრამ სააპელაციო სასამართლოს წევრებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ასეთი გეგმა არ არსებობდა. გენერლები ანტე გოტოვინა და მლადენ მარკაცი, რომლებსაც ხოვატიაში ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ, პარასკევსვე გაემგზავრნენ ჰააგიდან სამშობლოში, ხორვატიის მთავრობის თვითმფრინავით. სერბია მკაცრად აკრიტიკებს გაეროს ტრიბუნალის სააპელაციო პალატის მოსამართლეების გადაწყვეტილებას. სერბიის პრეზიდენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის შეფასებით, ხორვატი გენერლების გათავისუფლება „პოლიტიკური გადაწყვეტილება" იყო.
XS
SM
MD
LG