Accessibility links

logo-print

პატიმრის გარდაცვალების გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება


რუსთავის დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ. მისი თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პარალელურად მოკვლევას აწარმოებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მაია ხასიას განმარტებით, დეტალები გამოძიების შედეგად დაზუსტდება, თუმცა, ამ ეტაპზეც აშკარად იკვეთება დარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან. კერძოდ, ხასიას განცხადებით, პატიმარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საეჭვო ქცევის გამო ერთი დღით ადრე გადაიყვანეს 24-საათიანი ვიდეოკონტროლით აღჭურვილ სპეციალურ საკანში და შესაბამისად, იკვეთება პასუხისმგებლობა იმ თანამშრომლისა, რომელსაც ვიდეოკამერების მონიტორინგი ევალებოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საერთო ექსპერტიზის ფარგლებში მოხდება ვიდეოჩანაწერის სრული ანალიზი. მაია ხასიას განცხადებითვე, თუ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდება, ეს ფაქტი დეპარტამენტის მიერ მხოლოდ დადებითად შეფასდება, რადგან დამატებითი ვერსიების გამორიცხვის საშუალება იქნება. წინასწარი ინფორმაციით, 28 წლის პატიმარმა რუსთავის დაწესებულებაში თავი 24 დეკემბერს ჩამოიხრჩო.
XS
SM
MD
LG