Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილს მოუხსნეს „ჯეოსელის“ აქციებთან დაკავშირებული ბრალდება


თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომპანია ”ჯეოსელის” აქციების უკანონოდ დაუფლების ბრალდება მოუხსნა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. შესაბამისად, მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ”ჯეოსელის” საქმეზე ოქრუაშვილის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. აქციების უკანონოდ მითვისებით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით, სასამართლომ 2008 წლის მარტში მიუსაჯა ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასული წლის ბოლოს, საქართველოში ოქრუაშვილის დაბრუნების შემდეგ გასაჩივრდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაზარალებული ჯემალ სვანიძე, რომლისთვისაც "ჯეოსელის" წილის გამოძალვაში ირაკლი ოქრუაშვილს ადანაშაულებდნენ. სვანიძის განცხადებით, ის წილის გამოძალვას ედავება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი ქიტოშვილს და არა ოქრუაშვილს. პროკურატურამ ”ჯეოსელის” საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის მოხსნის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც მთავარმა მოწმემ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქიტოშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ თავდაპირველი ჩვენება მისცა სამართალდამცავების ზეწოლის შედეგად.
XS
SM
MD
LG