Accessibility links

ირაკლი ტრიპოლსკიმ ღია წერილით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას


ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გასულ კვირაში დამტკიცებული რეზოლუციის გამო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ირაკლი ტრიპოლსკიმ ღია წერილით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის მაუწყებელთა ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათ ტრიპოლსკი ამცნობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაფინანსება შეუწყვიტა ტელეკომპანია "პიკს," რომლის უმუშევრად დარჩენილმა თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს, თავად გენერალურმა დირქტორმა ჭანტურიამ კი ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვა დავალიანების რესტრუქტურიზაცია. ირაკლი ტრიპოლსკი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 მილიონი ლარი მიიღო, შეძლო 11 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მილიონი ლარის დავალიანება გაუუქმა. ”შეგიძლიათ თუ არა, დაგვისახელოთ ევროპის უახლესი ისტორიიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვისადმი მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც არ გახდებოდა ძიებისა და პასუხისმგებლობის საფუძველი და იცნობთ თუ არა, ფაქტებს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები არ ინტერესდებიან არც ტელევიზიის თანამშრომლებისა და არც საბიუჯეტო თანხების ბედით იმის გამო, რომ ბრალი არ დასდონ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებში”, - ნათქვამია ტრიპოლსკის ღია წერილში. მისთვის გაუგებარია, როგორ ვერ მოხერხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებამდე იმის შემოწმება, რომ მაუწყებლობის კანონში ამ მოწვევის პარლამენტს არანაირი ცვლილება არ შეუტანია და სინამდვილეში საუბარია მხოლოდ სამოქალაქო სექტორის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ ის არასწორად იქნა აღქმული, რადგან ბიძინა ივანიშვილი აპირებდა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული მე-9 არხის ძვირად ღირებული ტექნიკური საშუალებების გადაცემას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ”ვფიქრობ, საჭიროა, შეგახსენოთ, რომ რეზოლუციის მიღებისას თქვენ ეყრდნობოდით ინფორმაციას იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახურა ათობით გაზეთი და სატელევიზო გადაცემა, რომელიც იარაღით შეიჭრა ტელეკომპანია "იმედში" და ის მფლობელებს წაართვა, 2011 წლის 26 მაისს ფიზიკურად გაუსწორდა ათობით ჟურნალისტს და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა უდანაშაულო ფოტორეპორტიორები”, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ირაკლი ტრიპოლსკის წერილში.
XS
SM
MD
LG