Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გადადო მაგნიტსკის საქმის მოსმენა


მოსკოვში სასამართლომ გადადო 2009 წელს ციხეში გარდაცვლილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმის მოსმენა. იუწყებიან აგრეთვე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატები დაენიშნება მაგნიტსკის ოჯახს, რომელიც, ამჟამინდელი ადვოკატების განცხადებით, არ აპირებს სასამართლოსთან თანამშრომლობას. შემდეგი მოსმენა 18 თებერვლისათვის არის დანიშნული. პროკურორებმა მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ წაუყენეს გადასახადებისათვის თავის არიდების შესახებ ახალი ბრალდებები. ბრალდებები წაუყენეს ფონდ „ერმიტიჯ კაპიტალის“ პრეზიდენტს, უილიამ ბრაუდერსაც. მაგნიტსკი ამ ფონდის ინტერესებს იცავდა, როცა კორუფციაში დაადანაშაულა რუსი ოფიციალური პირები, რასაც მისი დაკავება და, მოგვიანებით, ციხეში გარდაცვალება მოჰყვა. ადვოკატის მომხრეები აცხადებენ, რომ მას უარს ეუბნებოდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებაზე. რაც შეეხება ბრალდების მაგნიტსკისათვის წაყენების ფაქტს და თან სიკვდილის შემდეგ - ამერიკელი იურისტი, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის ექსპერტი, პროფესორი დევიდ კრეინი განმარტავს: „სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ გასამართლება - პირველი ასეთი შემთხვევაა თანამედროვე ეპოქაში. ისტორიაში ასეთი რამ იშვიათად მომხდარა. ეს არის ძველისძველი კონცეფცია, რომელიც ხუთ საუკუნეზე მეტია, ხეირიანად არ გამოყენებულა“.
XS
SM
MD
LG