Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს თბილისში შეხვდა იუსტიციის მინისტრს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვენეციის კომისია განსაკუთრებით დაინტერესებულია სასამართლო რეფორმით და მისი პოზიციაა, რომ რეფორმირების პროცესი თავისუფალი იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან. სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება იყო ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის საუბრის ძირითადი თემა. თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც საქართველოს მთავრობა ისე ვენეციის კომისია მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი და ყველა გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. წულუკიანის თქმით, დაგეგმილი რეფორმა სწორედ ამას უზრუნველყოფს. ბევრ საკითხზე ერთნაირი მოსაზრების არსებობა დაადასტურა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ჰყავს კარგი სპეციალისტები, იურისტები და სამოქალაქო სექტორი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონსენსუსის შედეგად ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას კონკრეტულად საერთო სასამართლოების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება არ გამოთქვამს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, რადგან მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის საჯაროდ გამოხატვის უფლება არ აქვს. პაპუაშვილმა სასიამოვნო უწოდა იმას, რომ საქართველოს მთავრობა საერთო სასამართლოების კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება.
XS
SM
MD
LG