Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ძალაში რჩება პრეზიდენტისათვის შეთავაზებული დღის წესრიგი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალაში რჩება პრეზიდენტისათვის შეთავაზებული დღის წესრიგი - პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების და, ივანიშვილის თქმით, „მორიგი სიცრუის ტირაჟირების“ მიუხედავად. სიცრუედ ივანიშვილი მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში შესულ შეფასებას, თითქოს ივანიშვილი აქამდე გამოდიოდა ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოწოდებით და მხოლოდ ახლა სთავაზობს მის გუნდს დიალოგს. ივანიშვილის თქმით, მას ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება აიძულებს დაადასტუროს 9 თებერვლის განცხადებაში გაკეთებული შეთავაზება. შეთავაზება ოთხ პუნქტს მოიცავს - მათ შორის არის კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება, შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის. ივანიშვილი აცხადებს ასევე, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაში, თუმცა, რახან „პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია“ მოსაგვარებელი, ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ივანიშვილის თქმით, მზად არის გააგრძელოს კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. დღეს უფრო ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს შესთავაზა დიალოგი და უკვე ორშაბათს შეხვედრის გამართვა საკანონმდებლო საკითხების, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სხვა ინიციატივების განსახილველად.
XS
SM
MD
LG