Accessibility links

logo-print

ოპერატორი გოჩა მუკბანიანი: პირველად გადაღებულ მასალაში იარაღი არ ყოფილა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელე-პროექტ „ვიდეოპატრულის" ყოფილ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანისთვის უცნობია ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი, სადაც იარაღები ფიქსირდება. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში 19 თებერვალს ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს. როგორც მუკბანიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ საქმეზე გადაღებულ პირველ მასალაში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდება. "მე უკვე ძიებას მივეცი ჩვენება და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემს მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. ვიდრე მეორე ცნობილი სურათი იქნებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი", - განაცხადა მუკბანიანმა. ვიდეო-ოპერატორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია პირველ ვიდეომასალას.
XS
SM
MD
LG