Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი კალანდაძე არ აკონკრეტებს ალასანიას შეთავაზებას ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენებაზე


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე არ აკონკრეტებს, შესთავაზა თუ არა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქმეში მოწმის სტატუსით ყოფნის სანაცვლოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. როგორც გიგი კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ყველა განცხადებას სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში ერთად მოუყრის თავს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა. სამშაბათს ბაჩო ახალაიას პროცესზე დღეს პირველი სამი მოწმე დაიკითხა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილი. მათი განცხადებით მეოთხე ქვეით ბრიგადაში მუშაობის დროს ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას და მათთან ერთად ბრალდებულების მხრიდან მათზე ღირსების შემლახველი მოპყრობა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. კერძოდ, როგორც ყოფილი სამხედროები აცხადებენ, მათ აგინეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბუნტის მცდელობის ბრალდებიდან გამომდინარე ორი დღის განმავლობაში ჩაკეტეს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე აძახებინეს "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას".
XS
SM
MD
LG