Accessibility links

საქართველოში გახსნეს არასრულწლოვნის ექსპლუატაციის ფაქტი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ესქპლუატაციის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროში ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა, გამოძიებამ, რომელშიც სამინისტროს შესაბამის სამმართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურები, დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის გოგონა. მას საკუთარი დედა ორი წლის განმავლობაში აიძულებდა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოფილმების გადაღებაში. ქალი თავისი არასრულწლოვანი შვილის მონაწილეობით შექმნილ პრონოგრაფიულ მასალას ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა - საქართველოს მოქალაქე 45 წლის ქალი, ხოლო ისრაელში დაკავებულ იქნა ამ ქვეყნის 42 წლის მოქალაქე, წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი მამაკაცი. დაზარალებული გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში, სადაც მას სარეაბილატიცო კურსი უტარდება. ხუთშაბათს შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამავე საკითხს ეხება - განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა და ინტერპოლის ცენტრალურმა ეროვნულმა ბიურომ გამოძიების პირველივე დღიდან აქტიურად იმუშავა აშშ–ის შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დეპარტამენტებთან, აგრეთვე სამართალდამცველ უწყებებთან მსოფლიოს სამ კონტინენტზე. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული ოპერაცია არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი.
XS
SM
MD
LG