Accessibility links

logo-print

10 წლის წინათ გაუჩინარებული სამი ქალი კლივლენდში იპოვეს


ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში პოლიციამ სამი ქალი აღმოაჩინა, რომლებიც 10 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. დაკავებულია სახლის პატრონი 52 წლის მამაკაცი, სკოლის ავტობუსის ყოფილი მძღოლი. ცნობილია ქალების ვინაობაც, ამანდა ბერი 2003 წელს, 16 წლის ასაკში გაუჩინარდა. მოგვიანებით დაიკარგა ჯინა დეხესუსი, რომელიც 14 წლის იყო. რაც შეეხება მესამე ქალს, მიშელ ნაითს, ის 2002 წელს, 20 წლის ასაკში დაიკარგა. ერთ-ერთ მათგანს ჰყავს შვილი. ამ დროისათვის ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან, მათ ჯანმრთელობას ექიმები დადებითად აფასებენ. ერთ-ერთმა გატაცებულმა ამანდა ბერიმ სარდაფიდან თავის დაღწევა, 7 მაისს მოახერხა და მეზობლის დახმარებით სამაშველო სამსახურში დარეკა: ”დამეხმარეთ, მე ამანდა ბერი ვარ. მე გამიტაცეს და 10 წლის განმავლობაში დაკარგული ვიყავი. მე ახლა თავისუფალი ვარ”, - შეატყობინა ამანდა ბერიმ სამაშველო სამსახურს, რომელიც 10 წლის წინ, მეჩვიდმეტე დაბადების დღის წინა ღამეს, კლივლენდში, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ბურგერ კინგის რესტორანში სამუშაო ცვლა დაასრულა. 52 წლის მამაკაცთან ერთად დაკავებულები არიან მისი 50 და 54 წლის ძმებიც. თუმცა, როგორც პოლიცია აცხადებს, იმ სახლში, სადაც გატაცებული ქალები იმყოფებოდნენ მხოლოდ შუათანა ძმა ცხოვრობდა. მეზობელი, რომელიც ამანდა ბერისა და მასთან ერთად მყოფ ბავშვს სახლიდან გამოსვლაში დაეხმარა, ამბობს, რომ გატაცებაში ეჭვმიტანილისათვის ამ წლების განმავლობაში მეზობლებს განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევიათ: ”ამ კაცს ყოველდღე ვხედავდი. ერთად ვწვავდით ხორცს. ვჭამდით შემწვარ ნეკნებს და ვუსმენდით სალსას”, - იხსენებს ის. როგორც მეზობლები ამბობენ, გატაცებული გოგოები გარეთ არასდროს დაუნახავთ. კლივლენდის მერი ფრენკ ჯექსონი აცხადებს, რომ ”ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია”. ერთ-ერთი გატაცებული გოგონა ჯინა დეხასუსი დედას უკვე შეხვდა. როგორც დეხასუსის დედა ნენსი, ტელეკომპანია სი-ენ-ენთან საუბრისას ამბობს, მას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე შვილს შეხვდებოდა.
XS
SM
MD
LG