Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში აღნიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ჰელმანდის პროვინციაში ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას მამაცობისთვის, შემართებისა და თავდადებისთვის. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, მაიორი ირაკლი კალანდაძე და ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა წამალაშვილი - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით, ხოლო მაიორი ზურაბ ზაქარაია, სერჟანტი გიორგი ბიქოშვილი, უფროსი სერჟანტი გიორგი ცალანი, რიგით ხვიჩა მუშარბაძე ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბაზაზე კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპული სამხედროები, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა სიკვდილის შემდეგ ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG