Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს აცნობს სამალავებში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს


სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილ ფარულ სამალავში ნაპოვნ ვიდეოჩანაწერებს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აცნობს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე ხანში დატოვეს პირველი არხის ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ და დავით პაიჭაძემ. კვესიტაძის განცხადებით, არ სურდა მონაწილეობა ცირკში, რომელიც ირაკლი კაკაბაძემ და შალვა რამიშვილმა მოაწყვეს, დავით პაიჭაძემ კი აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირების ნაწილობრივ დაფარვის მიუხედავად, მათი იდენტიფიცირება სხვაგვარადაც შესაძლებელი იქნებოდა. იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელა შეხვედრის დასრულებამდე დატოვების მიზეზად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. შსს-ს ცნობით, ადამიანების წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და პირი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მონაწილეობდა სექსუალურ ძალადობაში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, დანარჩენები კი ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის ამავე საქმეზე დადგენილია სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ინტერპოლის მიერ ძებნილი მეგის ქარდავას ბრალეულობა. სამეგრელოში, ფარულ სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები შს-თა მინისტრმა 19 ივნისს გააცნო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.
XS
SM
MD
LG