Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკი იონათამიშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა


ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა. Facebook-ით დღეს გავრცელებულ განცხადებაში იონათამიშვილი გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ უმკლავდება პარტიის წინაშე მდგარ ამოცანებს, არ მოხდა მისი განახლება და საბოლოო ჯამში აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. კოკი იონათამიშვილის შეფასებითვე, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება. იონათამიშვილი აკრიტიკებს მმართველ კოალიციასაც და მიიჩნევს, რომ დანაპირების შესრულების ნაცვლად ”ქართული ოცნება” დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური დევნით, განსხვავებული აზრის განადგურებით და ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კოკი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ გამოსავლის წინაპირობაა პროგრესზე ორიენტირებული, დასავლური ღირებულებების მქონე ყველა პარტიის გაერთიანება და საზოგადოების ცალკეული წევრების მხრიდან ერთმანეთის პარტნიორებად აღქმა. იონათამიშვილის მიერ პარტიის დატოვებამდე თბილისის 47 წევრიან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 24 წევრი ჰყავდა და შესაბამისად ფლობდა გადაწყვეტილებების უმრავლესობით მისაღებად აუცილებელ კვორუმს. ამ დროისთვის ფრაქციაში რჩება 23 წევრი, საკრებულოს დანარჩენი 24 დეპუტატი კი სხვადასხვა ფრაქციაშია გაერთიანებული, ან დამოუკიდებელი სტატუსით საქმიანობს.
XS
SM
MD
LG