Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი გმობს სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებებს


საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციისა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებებს გმობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რაც გასულ საღამოს მოხდა თბილისის ”დინამოს” სტადიონთან, ”იმაზე მეტყველებს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა და რა რისკი არსებობს, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება.” ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება და დადებით მოვლენად აფასებს რუსეთთან სპორტულ და კულტურულ კონტაქტებს და თავის დროზე, პირადად იყო რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გამარტივების ინიციატორი. ”მაგრამ, გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის 2008 წელს და ჩვენი ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ”ეს კაცი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი.” მიხეილ სააკაშვილს რუსი დეპუტატის კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, ცნობილია, რომ მოსკოვის ”დინამოს” თანხმლებ დელეგაციაში იყო დუმის წევრი სერგეი გავრილოვი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”მკაცრად გმობს სასაზღვრო სამსახურის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქციელს, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის დაუსჯელად ჩამოსვლა.” ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარული, კულტურული და პოლიტიკური კონტაქტების დამყარების მცდელობა და რუსეთის საზოგადოებასთან მაქსიმალურად მუშაობა, რადგან მისივე თქმით, რუსეთში ”მუდმივად ეს მთავრობა არ იქნება და ძალიან ჩქარა მოხდება ცვლილებებიც.” პრეზიდენტის შეფასებითვე, გასულ საღამოს პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა სტადიონთან პროტესტის ნიშნად შეკრებილი ახალგაზრდების მიმართ და შელახა მათი კონსტიტუციური უფლება. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შს-თა მინისტრს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ავალებს.
XS
SM
MD
LG