Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის


საქართველოს მთავარი პროკურორი პრემიერ-მინისტრის მიმართვას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ, ყველაზე მაღალი მორალური სტანდარტის პოზიციად აფასებს, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების ფორმალური, სამართლებრივი საფუძველი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი, რომელიც მთავარ პროკურორს ანიჭებს ნებისმიერი დანაშაულის გამო ბრალდებული ან მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, არჩილ კბილაშვილი მისი გადაწყვეტილების კანონიერებას სადავოდ არ მიიჩნევს. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ეპიზოდი, რომლის გამოც ვლადიმერ ბედუკაძის დანაშაული დადგენილად მიიჩნია, თუმცა, მისი გათავისუფლება რამდენიმე გარემოების საფუძველზე გადაწყვიტა. პირველ ყოვლისა, კბილაშვილმა დაასახელა ის, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების საჯაროდ გავრცელების შემდეგ საქართველოს სასჯელარსრულების დაწესებულებებში წამება პრაქტიკულად შეწყდა. არჩილ კბილაშვილმა ჩამოთვალა წამების და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული მეთოდები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, სისტემური გამოძიებისას დაკითხულმა 2300-მა პატიმარმა აღწერა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტად მთავარმა პროკურორმა დაასახელა ისიც, რომ ბედუკაძემ ვიდეომასალა საჯაროდ გასავრცელებლად კონკრეტულ პირს გადასცა ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მისი პოლიტიკური მიზნები ჯერ გაცხადებულიც კი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ვლადიმერ ბედუკაძეს არ შეიძლება გათვლა ჰქონოდა რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე. არჩილ კბილაშვილმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა ისიც, რომ ბედუკაძის ბრალის დამადასტურებელი შვიდივე ეპიზოდის ამსახველი ვიდეომასალა თავად მისგან მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებებისთვის ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა, ხოლო ვიდეომასალები არ გამოუყენებია პოლიტიკური ან კომერციული ვაჭრობის საგნად.
XS
SM
MD
LG