Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მინარეთის დემონტაჟის შემდეგ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს რელიგიურ შეუწყნარებლობასთან საერთო არაფერი აქვს. ”ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით და იმით, რომ საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება” - განაცხადა თბილისში, ამბასადორიალზე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების პატივისცემა არა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური დებულებაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფელ ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა და ხელისუფლება თვითნებობასა და უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს. ”თუ მინარეთის დემონტაჟისას, ან აქციის მონაწილეთა მიმართ დაირღვა კანონი და გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობა მხოლოდ სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ აღადგინონ” - განაცხადა ივანიშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება რელიგიურ გრძნობებს, ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის. პრემიერის განცხადებითვე, საქართველოში რელიგიათა შორის თანხმობასა და მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG