Accessibility links

logo-print

აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო


აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით განცხადება დღეს გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ. ”ძალზე შეშფოთებულნი ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ინტენსიური გახდა სოფლებთან, დიცსა და ხურვალეთთან” - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით საელჩო აღნიშნავს, რომ საზღვარი უფრო მეტად აშორებს ოჯახებსა და მეზობლებს და საგრძნობ უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრებასა და საქმიანობაზე მავთულხლართების ორივე მხარეს. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ბარიერები შესაბამისად იმ პირობებისა, რომელთა შესრულება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ითავა და შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. აშშ აცხადებს, რომ მსგავსი მოწოდებები გაგრძელდება საერთაშორისო დონეზეც, მათ შორის ჟენევის დისკუსიისას. ”მივესალმებით კონფლიქტების მოგვარებისადმი საქართველოს მთავრობის მშვიდობიან მიდგომას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ აზრიან დიალოგში ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG