Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და ამ ძალისხმევას აქვს კონკრეტული სახელი: ევრაზიული კავშირი. ”ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე, რადგან ამის გაკეთება სწორედ რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ევრაზიის კავშირის პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის, რუსეთი კი ჩამოყალიბდება სახელმწიფოდ, რომელსაც განაპირა მხარეების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ”ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს ჰგონია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში ვლადიმირ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში და მიუხედავად იმისა, მშვიდობიანი, თუ ძალადობრივი იქნება ეს პროცესი, და ვინ იქნება პუტინის შემცვლელი, მთავარი ის არის, რომ რუსეთი აღარ იქნება იმპერია და გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ. ”სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალსა და სოხუმს და უნდა მოვემზადოთ, რომ უკან მივიღოთ აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც მტრები, არამედ როგორც ჩვენი დები და ძმები”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ”ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია.”
XS
SM
MD
LG