Accessibility links

logo-print

პატიმართა წამების ფაქტების შესწავლას იწყებენ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები


პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების საჯაროდ გავრცელებიდან ერთი წლის თავზე 11 ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იწყებს ფაქტების და დანაშაულის მოტივების შესწავლას. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა. კვლევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოკითხავენ 1 200 მსჯავრდებულს, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია. პროექტის ინიციატორია "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო", რომლის ინფორმაციით, კვლევა უპასუხებს შეკითხვებს, თუ რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფაქტების ფოტო-ვიდეო დოკუმენტირებას, რა მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა კონკრეტულ საპატიმროებში, თუ ქვეყნის მასშტაბით და ციხის ადმინისტრაციის გარკვეული ჯგუფის ფარგლებში, თუ ერთიანი პოლიტიკის დონეზე. კვლევის შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნებისმიერ საპატიმროში შესვლას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG