Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალაიას პროკურორმა განსასჯელის მხარის ზეწოლის გამო აცილება ითხოვა


„ციხის ბუნტის“ საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლოს დასკვნით პროცესზე პროკურორმა ია დარჯანიამ საკუთარი აცილების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა ამის მიზეზად მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაასახელა. "ჩემზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან, ჩემი მეგობარია ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს, ასევე ფოტოს, რომელთან ერთადაც მეორე ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად ვარ, გარკვეული დისკუსიები მოყვა. ამ ყველაფერთან ერთად მე ვამბობ, რომ გამიჭირდება ობიექტური გადაწყვეტილების მიღება და ვითხოვ საკუთარი თავის აცილებას", - განაცხადა პროკურორმა, რაც ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ პროკურორის უსაფუძვლო განცხადება, მხოლოდ სასამართლო პროცესის შეგნებულ გაჭიანურებას ემსახურება. ბრალდების თანახმად, ახალაია ეჭვმიტანილია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს არასათანადო მოპყრობაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიმართ. მას ასევე ედება ბრალი პატიმრის ცემაში, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის დროს. გამოძიების თანახმად, ამ ფაქტს მოჰყვა ციხის ბუნტი, რომელსაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაჩო ახალაია ბრალდებებს ამ საქმეებთან დაკავშირებითაც უარყოფს. მანამდე სასამართლომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო - ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში. ორშაბათის სხდომის შემდეგ, ახალმა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით გარკვეული დრო ითხოვა, რის გამოც მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.
XS
SM
MD
LG