Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ბრიტანელ და ბელგიელ მკვლევრებს


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭათ ბრიტანელ მეცნიერ პიტერ ჰიგსს და ბელგიელ ფრანსუა ენგლერს კვლევისათვის, რომლის ცენტრშიც დგას სუბატომური ნაწილაკი - მას ჰიგსის ბოზონს, ან „ღმერთის ნაწილაკს“ უწოდებენ. ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა სტოკჰოლმში, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიაში გამოაცხადა აკადემიის მუდმივმა მდივანმა, სტაფან ნორმარკმა: „წლევანდელი პრემია ეხება პაწაწინა ნაწილაკს, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა, ფიზიკის დარგში ნობელის 2013 წლის პრემია მიანიჭოს პროფესორ ფრანსუა ენგლერს - უნივერსიტეტი ლიბრ დე ბრიუსელ, ბელგია და პროფესორ პიტერ ჰიგს - ედინბურგის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო“. პიტერ ჰიგსმა პირველმა, ჯერ კიდევ 1964 წელს ივარაუდა ასეთი ნაწილაკის არსებობა. მისი თეორია ბოლოხანს დადასტურდა შვეიცარიაში, „ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის“ (CERN) კვლევის შედეგად. ნობელის პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 1,2 მილიონამდე დოლარის ოდენობით. სტოკჰოლმში ორშაბათს დაიწყო ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურეატთა დასახელების პროცესი. ყველაზე დიდი მოლოდინი უკავშირდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოვლენას, რაც ოსლოში პარასკევს მოხდება.
XS
SM
MD
LG