Accessibility links

logo-print

არჩილ კბილაშვილი თანამდებობას დატოვებს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ


თანამდებობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დატოვებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. მან თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არანაირი უთანხმოება არ აქვს და გასული ერთი წლის განმავლობაში ღირსეული და კოლეგიური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ”რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებებიც პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში”, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მან ირაკლი ღარიბაშვილს უწოდა ”ღირსებით და წესიერებით სავსე ადამიანი” და პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმატებული საქმიანობა უსურვა. კბილაშვილმა არც ის უარყო, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებული პრობლემების დაძლევის საკითხებში მისი და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ არჩილ კბილაშვილსი თქმით, ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. ”პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ”, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და მთავარ პროკურორს ევალება, რომ პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს. დღევანდელ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა საუკეთესო უწოდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ. ”სწორედ ამიტომ, ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში”, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. ის მთავარი პროკურორის თანამდებობას საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.
XS
SM
MD
LG