Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: 49-ე მუხლის მოლოდინი არ გვქონია


ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში არ იქნება ნახსენები 49-ე მუხლი და ამის მოლოდინი არც ყოფილა, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. „ასოცირების ხელშეკრულება არ არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს წევრობას. ეს არის მსურველი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების ინსტრუმენტი და მასში არასოდეს, არც ერთ ეტაპზე, არც ერთ დეკლარაციაში ეს მუხლი ნახსენები არ ყოფილა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. თუმცა ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, რომელიც გაეცნო დეკლარაციის პროექტს, გვაცნობა, რომ ევროკავშირმა ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტში შეიტანა ცვლილება, რომელიც ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. კერძოდ, ტექსტში აღარაა ნახსენები ევროკავშირის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას აძლევს ბლოკში შესვლის თხოვნის უფლებას, „თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს“. დეკლარაციას 29 ნოემბერს უნდა მოაწერონ ხელი უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG